"ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგს, მშვიდობასა და სტაბილურობას.
ერევანში მიხეილ ყაველაშვილის დელეგაციაში არიან:
- ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე;
- "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია;
- "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი;
- "ოცნების" დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი;
- ასევე, ლუკა ეხვაია, ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
"ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი აპრილის შუა რიცხვებში პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია.




























