მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. საბჭოს სამი ახალი წევრი -გულნარა შამშიევა, ჯილ ებანოიძე და ნათია ჯანელიძე შემოუერთდა. სამივე მათგანს საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ცვლილებების შედეგად „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭო სულ შვიდი წევრით იქნება დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ საბჭოს შემადგენლობაში უმრავლესობით წარმოდგენილები არიან ქალები. ფინანსურ სექტორში, სადაც გენდერული მრავალფეროვნება კვლავ გამოწვევად რჩება, აღნიშნული პრაქტიკა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ორგანიზაციის ღირებულებებსა და პასუხისმგებლიან მართვაზე მიუთითებს.
2025 წლის ოქტომბრიდან “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რობერტ სკოტ კოსმანია. მისი ხელმძღვანელობით, საბჭო აგრძელებს მიკრობანკის სტრატეგიული განვითარების ზედამხედველობას, გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრასა და ძლიერი, მდგრადი ფინანსური ორგანიზაციის ფორმირებას.
მიკრობანკის გენერალური დირექტორის, ილია რევიას თქმით: “კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი გამოცდილი წევრებით დაკომპლექტება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ მდგრადობას და წარმატებულობას შეგვძენს. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო კომპანიის განვითარებას ამბიციური გეგმებით გააგრძელებენ. მიმდინარე პრიორიტეტებად განსაზღვრულია ციფრული ტრანსფორმაცია, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება. ასევე, აქტიურად გაგრძელდება კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვაც..”
მიკრობანკი კრისტალის სამეთვალურეო საბჭოს ახალი წევრების შესახებ :
ნათია ჯანელიძე
ნათია ჯანელიძეს აქვს საბანკო სფეროში, პირდაპირი ინვესტიციების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და კორპორაციული ფინანსების მიმართულებებით 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა ბანკ რესპუბლიკასა და თიბისი ბანკში, იყო “იშბანკ საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი და „გაზელ ფაინანს საქართველოს“ მთავარი საინვესტიციო დირექტორი, ქალ ბიზნეს ლიდერთა ფედერაციისა და „პრაიმ ბეტონის“ საბჭოს წევრი.
ნათია ჯანელიძე მონაწილეობდა ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პროექტებში.
მას მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აშშ-ის მისური-კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი ფინანსებსა და საბანკო საქმეში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ჯილ ებანოიძე
ჯილ ებანოიძე საერთაშორისო საბანკო, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის სფეროს აღმასრულებელი და მმართველობის პროფესიონალია. მას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება ფინანსური სერვისების, გადახდების, პლატფორმული ეკონომიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.
სხვადასხვა პერიოდში ჯილ ებანოიძეს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები საერთაშორისო კომპანიებში eBay, Booking Holdings (Booking.com) და Naspers/OLX Group, სადაც იგი პასუხისმგებელი იყო გლობალური გადახდების ეკოსისტემების, ფინანსური ინფრასტრუქტურის, მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობებისა და მასშტაბური ტრანსფორმაციული პროგრამების მართვაზე.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საბანკო, საგადახდო და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროებში გლობალური მასშტაბის ორგანიზაციების ტრანსფორმაციას, ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო ოპერაციების მართვას. იგი ფლობს მნიშვნელოვან გამოცდილებას ციფრული ფინანსური ეკოსისტემების, ინოვაციების, სტრატეგიული ზრდისა და კორპორაციული მმართველობის მიმართულებით.
ამჟამად ჯილ ებანოიძე საქმიანობს მმართველობით და საზედამხედველო პოზიციებზე ფინანსურ სექტორსა და საერთაშორისო საფინანსო ეკოსისტემებში. იგი ასევე ხელმძღვანელობს საკუთარ ბუტიკურ საკონსულტაციო პრაქტიკას, რომელიც სპეციალიზებულია ფინანსურ ტექნოლოგიებში, გადახდებში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სტრატეგიულ განვითარებაში.
ჯილ ებანოიძე ფლობს Maastricht School of Management-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს. იგი არის Harvard Business School-ის კურსდამთავრებული, მათ შორის General Management Program-ისა და Women on Boards: Succeeding as a Corporate Director პროგრამების მონაწილე. ასევე არის University of Hong Kong-ის Asia Global Fellow და ნიდერლანდების SER Topvrouwen-ის წევრი.
მისი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აყალიბებს გლობალურ ხედვას ფინანსური სექტორის, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და კორპორაციული მმართველობის საკითხებზე.
გულნარა შამშიევა
გულნარა შამშიევას საბანკო და მიკროსაფინანსო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. 20 წელზე მეტია, ის ცენტრალური აზიის ფინანსური სექტორის აღმასრულებელ და სამეთვალყურეო საბჭოებში საქმიანობს. მისი კარიერა ფინანსური ინსტიტუტების ტრანსფორმაციასა და განვითარებას, კორპორაციულ მმართველობასა და მთლიანად სფეროს მდგრადი განვითარების მხარდაჭერას უკავშირდება.
გულნარა შამშიევა ხელმძღვანელობდა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პროექტს — მიკროსაფინანსო ინსტიტუტის სრულად ლიცენზირებულ კომერციულ ბანკად გარდაქმნას. აღმასრულებელ პოზიციებზე საქმიანობისას იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, მონაწილეობდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, მწვანე დაფინანსების, ქალთა მეწარმეობისა და ფინანსური ცნობიერების ინიციატივების მხარდამჭერ პროგრამებში.
ამჟამად გულნარა შამშიევა ცენტრალური აზიის ფინანსურ ინსტიტუტებში დამოუკიდებელი დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციებს იკავებს. მისი საქმიანობა მოიცავს კორპორაციული მმართველობისა და ინსტიტუციურ, მათ შორის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების გაძლიერებას, რისკების მართვასა და ESG ინტეგრაციას, სტრატეგიულ ტრანსფორმაციასა და განვითარებას.
გულნარა შამშიევა ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს საბანკო საქმეში, რისკების მართვასა და კორპორაციულ მმართველობაში. მას გავლილი აქვს ტრენინგები ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლაში, ABA სტონიერის საბანკო სკოლასა და IFC-ის პროგრამებში ESG-სა და კორპორაციული მმართველობის მიმართულებებით.
მიკრობანკი კრისტალის სამეთვალურეო საბჭოს სრული შემადგენლობა:
თავმჯდომარე/წევრი: რობერტ სკოტ კოსმან /აშშ/
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ლილიტ გარაიან /სომხეთი/
წევრი: არჩილ ბაკურაძე /საქართველო/
წევრი: იან დევინგარტი /ბელგია/
წევრი: ნათია ჯანელიძე
წევრი: ჯილ ებანოიძე /ნიდერლანდები/
წევრი: გულნარა შამშიევა /ყირგიზეთი/
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.




























