მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრობანკებს მოზიდული დეპოზიტების სრულად დაზღვევა მოუწევთ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

მიკრობანკი

მომავალ წელს ბაზარზე ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტები - მიკრობანკები გამოჩნდებიან. ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად უკვე მიმართა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სიმ“.

მიკრობანკებს უფრო დიდი კრედიტების გაცემის შესაძლებლობა ექნებათ. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს ზღვარი 100 000 ლარია, მიკრობანკების შემთხვევაში მილიონი ლარი იქნება. ახალ ფინანსურ ინსტიტუტებს 30 000 ლარამდე დეპოზიტების მოზიდვის შესაძლებლობაც ექნებათ.

აღსანიშნია, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, რაც დღეს 15 000 ლარია, გაორმაგდება და 30 000 ლარამდე გაიზრდება, შესაბამისად, მიკრობანკებს მოზიდული დეპოზიტების სრულად დაზღვევა მოუწევთ.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემისთვის კომერციული ბანკი და მიკრობანკი განიხილება ერთნაირად. შესაბამისად მიკრობანკებიც, როდესაც ისინი მიიღებენ ლიცენზიას ავტომატურად ჩაერთვებიან სადაზღვევო სისტემაში. როგორც არის კომერციული ბანკებისთვის ზღვარი 30 000 ლარი, ანალოგიური წესი გავრცელდება მიკრობანკების შემთხვევაშიც.

კანონით მიკრობანკს აქვთ იმდენი დეპოზიტის მიღების უფლება, რაც არის დაზღვეული, შესაბამისად მიკრობანკებში არსებული დეპოზიტები მთლიანად იქნება დაზღვეული“,-განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან თოდუამ.

სისტემა ამჟამად საბანკო სექტორში არსებულ 50.4 მილიარდის დეპოზიტებიდან ₾6.3 მილიარდი ლარის ანგარიშებს ფარავს. ოქტომბრის მონაცემებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობაში 5.7 მლრდ ლარი ფიზიკური პირების, დანარჩენი კი იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტებია. ბანკების მიერ ყოველთვიური შენატანი კი, სისტემაში 3.6 მლნ ლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები