ჩინეთის ხელისუფლებამ $47.5-მილიარდიანი ფონდი შექმნა, რომლის მიზანი მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების ადგილობრივი ინდუსტრიის წახალისება და თვითმყოფადობის შენარჩუნებაა.
ამ დროისთვის, ელექტრული წრედების ინდუსტრიის საინვესტიციო ფონდში 344 მილიარდი იუანი, ანუ $47.5 მილიარდი შეგროვდა, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ და სხვადასხვა სახელმწიფო ბანკმა გამოჰყვეს. ამ სიახლეს ინვესტორები დადებითად შეხვდნენ: მიკროჩიპების უდიდესი ჩინური კომპანიის, SMIC-ის აქციების ფასმა 8.1%-ით იმატა, Hua Hong Semiconductor-ის აქციები კი 10%-ით გაძვირდა.
ოფიციალური პეკინის ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ამერიკის ხელისუფლებამ, მოგეხსენებათ, ჩინეთს მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა, რომელთა გამო, ჩინურ კომპანიებს მაღალტექნოლოგიურ ამერიკულ ინდუსტრიებთან კომუნიკაცია და ვაჭრობა აეკრძალა.
ამგვარად, სი ძინპინის ხელისუფლებას სჭირდება გადაწყვეტა, რომელიც ჩინურ წარმოებას კონკურენტუნარიანობას შეუნარჩუნებს, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ აშშ-ის ხელისუფლება მიკროჩიპების ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად მილიარდობით დოლარს ხარჯავს.