„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის წინ აამოქმედა, დღეს უკვე 1300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი 62 მლნ ლარს აღწევს", - ეს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში.
„პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 ათას ლარს. სესხის ოდენობა განისაზღვრება 20,000-დან 50,000 ლარამდე. პროგრამაში ჩასართავად, მეწარმეები უნდა ეწვიონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრებს, ან მოგვმართონ ნომერზე 15-25. რეგისტრაციისა და ბიზნესს დიაგნოსტიკის გავლის შემდეგ, დავადგენთ მათ საჭიროებებს და ადგილზე დავეხმარებით მათთვის საჭირო და რელევანტური მომსახურების მიღებაში", - განაცხადა გაბრიაძემ.
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. იგი ეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა. სესხის პროცენტის სრულ დაფინანსებას იღებენ: დამწყები მეწარმეები (შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს, ან/და ბიზნესის დარეგისტრირებიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები დრო); ქალი მეწარმეები; მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები. პროგრამის ყველა სხვა მონაწილეს სესხის აღება შეუძლია ნაწილობრივი დაფინანსებით, შეღავათიანი პირობებით 8.5 %-ში.
„აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები მდებარეობს საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე).




























