“მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით” შესაძლოა, კონკრეტულ რეგიონებში გარკვეული სახეობის ბიზნესები აღარ დაფინანსდეს - შესაბამისი ცვლილება „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში” შევიდა და უკვე ძალაშია.
დადგენილების მე-3 მუხლში დამატებული პუნქტებით, სააგენტოს შეეძლება, სამინისტროსთან შეთანხმებით და ბაზრის ანალიზით, კონკრეტულ სექტორსა და რეგიონში სესხის გაცემა შეწყვიტოს. მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ რეგიონში სესხების მაღალი კონცენტრაციაა. თუმცა ეს არ გამოიწვევს უკვე გაცემულ სესხებზე მხარდაჭერის შეწყვეტას.
ამასთან ემატება მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილი იქნება პროგრამაში მონაწილე ბანკის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების, პროგრამის პირობების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების გამო შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ ბანკს პროგრამაში მონაწილეობის უფლება. გადაწყვეტილება კი, მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს. ამასთან, არ იქნება ვალდებული ბანკს რაიმე დასაბუთება წარუდგინოს.
ის, რომ სააგენტოს რისკების შეფასების საფუძველზე შეუძლია შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ ბანკს პროგრამაში მონაწილეობის უფლება დადგენილების მე-3 მუხლი აქამდეც ითვალისწინებდა.
ცვლილებით ასევე დაზუსტდა, რომ პროგრამის ფარგლებში ბანკის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში არ უნდა იზრდებოდეს სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა.




























