მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კავშირი ჰქონდა Deutsche Bank-ს ეპშტეინთან?

ეპშტეინი

საერთაშორისო მედიის კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული გამოძიებით, გერმანულმა ბანკმა Deutsche Bank-მა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული $582 მილიონის მოცულობის საეჭვო ოპერაციები აღრიცხა.

ბანკის გაჟონილი დოკუმენტის შესწავლით დადგინდა, რომ კრედიტორი 2013 წლიდან თანამშრომლობდა ეპშტეინთან, მიუხედავად მისი ნასამართლობისა და შიდა გაფრთხილებებისა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საეჭვო გადარიცხვები ოფშორულ კომპანიებსა და საქველმოქმედო ფონდ Gratitude America-ს მეშვეობით ფულის სავარაუდო გათეთრებას უკავშირდება.

ამასთან, ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული დარღვევებიც გამოავლინეს. კერძოდ, 2017 წელს ბანკმა ტრამპისა და კიდევ 1,585 კლიენტის საგადასახადო დეკლარაციები შეცდომით სხვა კლიენტის ბუღალტერს გაუგზავნა და ინციდენტი დამალა. გარდა ამისა, ბანკმა აშშ-ის კონგრესს არ მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანში ტრამპის კომპანია DT Marks Baku LLC-ის საეჭვო ტრანზაქციის შესახებ.

პარალელურად, ფაილები აჩვენებს, რომ Deutsche Bank-ი სანქციების რისკის მიუხედავად თანამშრომლობდა რუს ოლიგარქებთან, მათ შორის ოლეგ დერიპასკასა და ვიქტორ ვექსელბერგთან, 2022 წელს კი მათი ანგარიშების ნაწილი შვეიცარიასა და ლუქსემბურგში გადაიტანა.

ბანკის განცხადებით, საქმე ძველ პერიოდს ეხება, ბოლო წლებში კი კონტროლის მექანიზმები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ამჟამად უკვე ეს გამოძიება ირელევანტურია.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ ბანკის აქციების ფასი 6%-ზე მეტით დაეცა, რადგან ინვესტორები ბანკის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დაწყებას ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები