საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, მონაწილეობა მიიღო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით და სებ-ის მხარდაჭერით გამართულ 27-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც პირველად მასპინძლობს საქართველო.
ღონისძიება თურნავას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, სადაც მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს საქართველოს მასპინძელ ქვეყნად არჩევისთვის და აღნიშნა მიკროსაფინანსო სექტორის მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაში.
„დღეს საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო სექტორს 400-მდე მომსახურების წერტილი და 400 000-ზე მეტი აქტიური მსესხებელი ჰყავს. სექტორი მართავს თითქმის 2 მლრდ ლარის აქტივებს და ფინანსური სერვისებით უზრუნველყოფს რეგიონებს, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შეზღუდულია“, – აღნიშნა თურნავამ.
მისი განცხადებით, ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა: დაწესდა კაპიტალისა და ლიკვიდობის სტანდარტები, გამკაცრდა გამჭვირვალობის მოთხოვნები და ჭარბვალიანობის რისკების შემცირების რეგულაციები.
თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა სექტორის მდგრადობას თანამედროვე გამოწვევების ფონზე: „გეოპოლიტიკური რისკების, კლიმატური ცვლილებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში, მიკროსაფინანსო სექტორს გააჩნია როგორც გამძლეობა, ასევე ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის პოტენციალი“.
MFC-ის 27-ე კონფერენცია ტარდება თემით – „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“ და მას 40-მდე ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებზე ხელმისაწვდომი ფინანსების ხელშეწყობას – მათ შორის ქალებზე, ახალგაზრდებზე, მიგრანტებზე და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე.
ღონისძიება ლარის 30 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინკლუზიური ფინანსური განვითარების გაძლიერებას.




























