მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელი მზარდია - "ევროკრედიტი"

მისო

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილში აცხადებენ, რომ სექტორის საკრედიტო პორტფელი კარგი ტემპით იზრდება, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.

როგორც BMG-სთან “ევროკრედიტში” ამბობენ, პორტფელის ზრდას ერთი მხრივ ხელს უწყობს მისოების საოპერაციო ეფექტიანობის ზრდა, მეორე მხრივ კი სესხების ზრდის ტემპი სხვადასხვა რეგულაციებითაა გამოწვეული, რომელიც ბანკების მომხმარებელს კრედიტზე წვდომას უზღუდავს.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორი წლიდან წლამდე გამოირჩევა იმით, რომ პორტფელის მოცულობა იზრდება, რაც ერთი მხრივ, გამოწვეულია მთელი რიგი ოპერაციული ოპტიმიზაციებით. მაგრამ მეორე მხრივ, ზრდა ასევე გამოწვეულია იმ რეგულაციებით, რომელიც ზღუდავს მომხმარებელს, რომ საბანკო პროდუქტები მიიღოს. იქიდან გამომდინარე, რომ მეტად ხელმისაწვდომი არის ხოლმე მიკროსაფინანსო სექტორის პროდუქტები, [სესხების ზრდის] ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად შეგვიძლია ასევე ჩავთვალოთ მსგავსი რეგულაციები. ეს ერთობლიობაში იწვევს იმას, რომ წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდება მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელი”, - განაცხადა “ევროკრედიტის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი წურწუმიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სალომბარდე სესხები ჭარბობს, სექტორში ვადაგაცილების მაჩვენებელი გაზრდილი არაა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში მაგალითად ავტოსესხებსაც ლომბარდულ სესხებად მოვიხსენიებთ, კომპანიებს აქვთ შემუშავებული მთელი რიგი რისკ-პროცედურები. რისკების დეპარტამენტები, სამსახურები არსებობს, რომელიც ამ ტიპის სესხებს როგორც სამომხმარებლო სესხს ისე განიხილავს. შესაბამისად, თუკი ვინმეს ქონება, ოქრო, ავტომობილი თუ უძრავი ქონება აქვს, ეს ავტომატურად სესხის დამტკიცებას არ გულისხმობს. შესაბამისად, ამ მხრივ სექტორში სტაბილური მდგომარეობა გვაქვს და რაიმე სახის ცვლილებებს, გაუარესებას არ ველოდებით”, - განაცხადა ირაკლი წურწუმიამ.

წელს, 6 თვის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სულ 872 313 სესხი ჰქონდათ გაცემული და ჯამში სექტორის საკრედიტო პორტფელი 2.1 მლრდ ლარს შეადგენდა. ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 117.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, მაშინ როდესაც 2025 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 70.5 მლნ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები