მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან, არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა - პრეზიდენტი "სვანეთის დღეებზე"

637c71daa96da
ინგა მურუსიძე
22.11.22 11:16
531
მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა, - განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც გუშინ „რეგიონების კვირეული“ გაიხსნა.

„ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოს რეგიონები დავისახე. კოვიდის მიუხედავად, ჩემს ადმინისტრაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად მოვიარეთ რეგიონები, გავეცანით მათ საქმიანობას, ქალ მეწარმეებს, რადგანაც ისინი ჩვენს რეგიონებში, დღეს ერთ-ერთ ძალიან მდგრად და ცოცხალ ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც კიდე უფრო უნდა განვითარდნენ, მათ კიდევ მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ.

რეგიონები მნიშვნელოვანია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ კმარა მხოლოდ ჩვენი ჩასვლა რეგიონებში და იქ, ადგილზე სხვადასხვა მიმართულებების გაცნობა, მაგრამ საჭიროა, რომ აქაც, დედაქალაქშიც, მათ დავუთმოთ სივრცე და ეს სასახლე ამ ფორმით, სწორედ, იმისთვის იქნა მოგონილი, რომ ეს იყოს სივრცე საზოგადოებისთვის და სივრცე, სადაც ყველაფერი შესაძლებელია: გამოფენები, კულტურის წარმოჩენა, საზოგადოებრივი დიალოგი და ყველაფრის წარმოჩენა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რეგიონებს ადმინისტრაციამ ძალიან კარგი შეთავაზება გაუკეთა, რაც სასახლეში ჩამოსვლას შეეხებოდა.

""სვანეთის დღეები“ პირველი მცდელობაა და ეს ყველაფერი სხვადასხვა რეგიონების მოპატიჟებით მომავალ წელსაც გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიული იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს სასახლე ყველასია. ამას ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ. მივმართეთ რეგიონებს - ჩამობრძანდით, ეს თქვენი ადგილია. როგორც გინდათ ისე მოაწყვეთ, ვინც გინდათ ის გამოიყვანეთ და ამგვარად გამოაჩინეთ თქვენი თავი ამ ქვეყანაში, და არამხოლოდ, ასევე ქვეყნის გარეთაც. მე, მაგალითად, ვაპირებ რომ მომავალი, 2023 წლიდან, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი ოფიციალური ვიზიტებისას, რომელიმე რეგიონის წარმომადგენელი წავიყვანო ჩემთან ერთად, რათა მათ სხვა ქვეყნებთან შეძლონ იმ ურთიერთობების დამყარება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. 23 ნოემბერს, „სვანეთის დღეების“ ბოლო დღეს, მიღებაზე გვეყოლება დიპლომატებიც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვიოთ რეგიონების წარმომადგენლები, მათთან დავამყაროთ ურთიერთობა და აქ, რეგიონი გახდეს არა ჩვენი სტუმარი, არამედ მასპინძელი.

არ არის ნორმალური, როცა ასეთი შეთავაზება არსებობს პრეზიდენტისგან, რომელიც (ხაზი მინდა გავუსვა) არანაირად არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ რეგიონების წარმომადგენლების მიმართ არანაირი მოთხოვნა არ იყო და იყო სრული თავისუფლება. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. რადგან ძალიან გვიან მივიღეთ ზოგი პასუხი, ჩვენც ცოტა მოგვიანებით მოგვიწია თბილისში ოფიციალური პირებისთვის მოწვევების გადაცემა, მაგრამ ამის მიუხედავად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ დაინტერესებული ჩვენი რეგიონების განვითარებაში, აქაც არავინაა. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. ამის მიუხედავად, ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები