ქალაქ მილანის საკრებულოს გადაწყვეტილებით ორივე მილანურ კლუბს, “მილანს” და “ინტერს” უფლება მიეცათ, სტადიონი შეისყიდონ, რითაც შეიქმნა მთავარი წინაპირობა საიმისოდ, რომ იმავე ადგილზე ახალი არენა აშენდეს.
24 ხმა 20-ის წინააღმდეგ, ორმა დელეგატმა კი თავი შეიკავა - ასე გადაწყდა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონის ბედი. “მილანი” და “ინტერი” ჯამში 28 ჰექტარს 197 მილიონ ევროდ შეისყიდიან. ახალ სტადიონზე, რომლის მფლობელები ორივე კლუბი ერთად იქნებიან, 71 500 ადგილი იქნება და მისი მშენებლობა 2031 წელს დასრულდება. გეგმის მიხედვით, ახალი არენის აშენების ღირებულებამ ჯამში 1,2 მილიარდი ევრო უნდა შეადგინოს. ამჟამად მოედანზე 75 000 მაყურებელი ეტევა და ის იტალიაში ყველაზე დიდი სტადიონია.
1926 წელს გახსნილი სტადიონი, რომელსაც არაერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, კლუბებისა და მაყურებლების თანამედროვე მოთხოვნებს ბოლომდე ვეღარ აკმაყოფილებს. “მილანს” და “ინტერს” სტადიონის ახალი ინფრასტრუქტურით შემოსავლების გაზრდაც სურთ. აღსანიშნავია, რომ შარშან მილანის საკრებულომ სტადიონის გასხვისებაზე უარი თქვა, ოფიციალურ მიზეზად კი მაშინ “კულტურული ინტერესები” დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ 2032 წელს ევროპის ჩემპიონატს იტალიამ და თურქეთმა უნდა უმასპინძლონ, ხოლო ახალი “სან სირო” ტურნირის ერთ-ერთი მთავარი არენა იქნება.




























