არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის პარტიამ ბუენოს-აირესის პროვინციის ადგილობრივ არჩევნებში მძიმე მარცხი განიცადა.
კონკურენტმა პარტია “პერონისტებმა” ხმების 46.8% მიიღეს, ხოლო მმართველ გუნდს მხარი ამომრჩევლების 33.8%-მა დაუჭირა. ბუენოს-აირესის პროვინციაში ჩატარებული არჩევნები არგენტინაში ლაკმუსის ქაღალდად ფასდება ხოლმე. იქ დაფიქსირებული შედეგები აჩვენებს, თუ როგორია მოქალაქეების განწყობა.
მილეის გუნდმა შედეგით უკმაყოფილება უკვე გამოთქვა. ამ მოცემულობით, მოქმედი პრეზიდენტის პარტია ოქტომბრის თვეში ჩანიშნულ შუალედურ არჩევნებსაც წააგებს. ის ეკონომიკური რეფორმები კი, რომელთა გატარებაც ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსს სურს, სავარაუდოდ, ქაღალდზე დარჩება.
მილეის პარტიის მიერ პროვინციული არჩევნების წაგებამ არგენტინის საფინანსო სექტორზე უარყოფითად იმოქმედა. Merval-ის ბირჟის ინდექსი 13%-ით დაეცა. ამასთან, პესო დოლართან მიმართებით 6%-ით გაუფასურდა. არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ დააფრთხო ინვესტორები. მათ სამთავრობო ობლიგაციების გაყიდვა აქტიურად დაიწყეს.
ამჟამად, არგენტინა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ქაოსშია მოქცეული და ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება. 2 წლის წინ, რადიკალური და ეფექტური ნაბიჯების გადადგმის დაპირებით მოსული ხავიერ მილეის მიმართ უკმაყოფილება იზრდება, იმის ალბათობა კი, რომ პრეზიდენტი დაპირებულ რეფორმებს ბოლომდე მიიყვანს, სულ უფრო მცირდება.




























