მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილერის თქმით, აშშ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებაზე მუშაობას აგრძელებს

მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს, ქართველ მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახის წევრებზე სავიზო სანქციების დასაწესებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ის უკვე დაწესებულ სანქციებზე საუბრობს.

აშშ-მ გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაასანქცირა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძე. მილერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს.

"სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში; ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად",- ამბობს მილერი.

მისივე თქმით, ამ სანქციებით გრძელდება წინა კვირას გამოცხადებული სავიზო შეზღუდვები, ფართოვდება აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სექტემბერში დაწესებული სანქციები, რომელიც თანხვედრაშია დიდი ბრიტანეთის მიერ და ბოლო დღეებში ევროპული ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებთან.

"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართველი მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ განგრძობით, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მტკიცედ ვართ განწყობილი, დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ძირს უთხრიან ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს",- აღნიშნულია მილერის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები