მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მილიარდიანი გაყიდვები, იმპორტის ჩანაცვლება და წარმოების დივერსიფიკაცია - როგორია "ნოვას" გეგმები?

ნოვა

2026 წელს სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანია "ნოვა" გაყიდვების მილიარდიანი ნიშნულის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს და ამ მიზნით წარმოების განვითარებას აპირებს - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ედიშერ ხიმშიაშვილმა "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2025 წელს ₾50 მილიონის ობლიგაციების გამოშვების შემდეგ, კომპანიამ 5-10 წლიანი სტრატეგიაც დაისახა და გაყიდვების მილიარდ ლარიანი ნიშნულიც სწორედ ამის ნაწილია.

"KPI, რომელიც ჩვენ დავუწესეთ საკუთარ თავს, ეს არის მაგალითი იმისა, რომ კომპანიის სტრატეგიული დაგეგმარება ხდება არა ერთი და ორი, არამედ 5 და 10 წლის ვადით. თუ ადრე ჩვენი გრძელვადიანი ამოცანები არ იყო მკაფიო და ნათელი და არ შეგვეძლო ამაზე ასე ღიად, სტრატეგიულად ჩამოყალიბებულ დონეზე საუბარი, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნოვა" არის ის კომპანია, რომელსაც აქვს მკაფიო ხუთწლიანი გეგმა.

ჩვენს ხედვაში წარმოებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცალსახად. გარდა ამისა, შედეგის მიღწევა, რაც მილიარდიან გაყიდვებს გულისხმობს - ეს სრულიად შესაძლებელია წარმოებების უფრო მეტად განვითარებით, ასორტიმენტის უფრო მეტად გაფართოებით და ბაზრების დივერსიფიცირებით. ამიტომ, 2026 წელს ვგეგმავთ, რომ მათ შორის სომხეთში გადავდგათ პირველი ნაბიჯები წარმოების გაფართოების კუთხით - რაც ბაზრის დივერსიფიცირებას გამოიწვევს - და შევქმნათ ისეთი საწარმოო ინფრასტრუქტურა და მიმართულებები, მათ შორის ფოთში, რომელიც შემდგომ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე გაყიდვებით, რაც საკმაოდ რთულია ბაზრის სიმცირის გამო, არამედ ჩვენ შევძლოთ ექსპორტის განვითარება", - ამბობს ედიშერ ხიმშიაშვილი.

"ნოვას" გენერალურმა დირექტორმა იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2026 წელს კომპანია ამ მიმართულებით ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიერებს. ედიშერ ხიმშიაშვილის თქმით, კომპანია ბიდონების წარმოებას თურქეთიდან საქართველოში გადმოიტანს.

"2026 წელს გვინდა, რომ მოვახდინოთ წარმოებების დივერსიფიცირება და ეს არ იყოს მხოლოდ თბილისის და ბათუმის ლოკაციებზე. ქუთაისის შემდეგ, თუნუქთან დაკავშირებული წარმოებების გადატანას ხაშურში, თელავში, მარნეულში და შემდგომ უკვე სხვა ქალაქებშიც ვაპირებთ. ამის მიზანი და ამოცანა არის, რომ ჩვენ გავხდეთ ლოგისტიკურად უფრო მოქნილები, შევამციროთ ლოგისტიკური დანახარჯები და პირიქით, რეგიონებში ხელი შევუწყოთ წარმოებების განვითარებას.

რაც შეეხება იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკას, ეს "ნოვას" წარმოების მთავარი კრედო და ღირებულებაა. ჩვენთვის რთულია, რომ ვიყოთ ძალიან დიდი ექსპორტიორები, მაგრამ შეგვიძლია გავხდეთ იმპორტჩამნაცვლებლები და ქვეყანაში შევქმნათ დოვლათი. ამ კუთხით ვავითარებთ იმ მიმართულებებს, სადაც გვაქვს გამოცდილება. ეს მიმართულებაა პოლიეთილენი - იცით, რომ "ნოვას" პოლიეთილენის ავზები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამიტომ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით გავაფართოოთ წარმოება და ბიდონების წარმოება გადმოვიტანოთ თურქეთიდან საქართველოში. ამით იმპორტს თითქმის დავხურავთ და საქართველოში იქნება სრულყოფილად ეს წარმოება", - ამბობს ედიშერ ხიმშიაშვილი.

2026 წლის გეგმებზე საუბრისას "ნოვას" გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია მომავალი წლის ზაფხულიდან მზის პანელების სამონტაჟო კონსტრუქციების წარმოებასაც დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები