მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიონიან ზარალზე გავედით, თუმცა, მთავრობის არც ერთი შეღავათით არ გვისარგებლია - "გლორია"

5f5f0ef772926
ინგა მურუსიძე
20.09.20 20:00
1393
კომპანია „გლორია“, რომლის შემადგენლობაში შედის ბათუმში, სასტუმრო „გრანდ გლორია“ და თბილისის სასტუმრო „ტიფლის ვერანდა“, აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში დაახლოებით მილიონი დოლარის ზარალი ნახა.

თუმცა, როგორც bm.ge-სთან საუბარში კომპანიის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კლასტერ-მენეჯერმა, დიმიტრი მოდრეკელიძემ თქვა, ყველა პრობლემის მიუხედავად, არც ერთი თანამშრომელი სახლში არ გაუშვიათ.

“კომპანია „გლორიას“ არ გააჩნია არანაირი საბანკო თუ სასესხო ვალდებულებები, შესაბამისად, მთავრობის შეღავათებით არ გვისარგებლია. კომპანია 100% საკუთარი ძალებით იყო პასუხისმგებელი პანდემიის პირობებში ყველა მიღებულ ზიანსა და ზარალზე. ციფრებით რომ ვისაუბროთ, „გლორიამ“ დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ოდენობით ზარალი განიცადა“, - განაცხადა მოდრეკელიძემ.

პრობლემების მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტი მზად არის, ახალი ძალებით მიხედოს ბიზნესს, თუმცა გამოწვევების დასაძლევად საზღვრების გახსნა სწორ გამოსავლად მიაჩნია.

“უდიდესი ზარალი მივიღეთ, თუმცა მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ გამოსავლის საპოვნელად. ერთადერთი გამოსავალი კი სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის საზღვრების გახსნა და ფრენების აღდგენაა, ვერანაირი შიდა ტურიზმი ვერ უზრუნველყოფს თუნდაც საოპერაციო ხარჯების ანაზღაურებას. იმედია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიცვლება და უსწრაფესად მოხდება როგორც საზღვრების გახსნა, ასევე ფრენების აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტულ სექტორს კოლაფსი ემუქრება, რაც ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე სავალალოდ აისახება“, - ამბობენ „გლორიას“ მენეჯმენტში.