სამეურნეო წარმოება „ჰარვესტი“ შპს Kanda Agriculture-ს ბრენდია, რომელიც სოფელ ქანდაში მდებარეობს და 2022 წლიდან ხეხილისა და ნუშის სუპერ ინტენსიურ ბაღებს აშენებს.
როგორც კომპანიის პროექტების ხელმძღვანელმა, თამარ ბერულავამ BM.GE-სთან განაცხადა, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია წელს, პირველად თბილისში არსებულ მსხვილ სუპერმარკეტებში შევა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ 2021 წელს, სოფელ ქანდაში სახელმწიფოსთან მსხვილი გარიგების შედეგად, 200 ჰა საწარმოო მიწა შეიძინა. მათ საკუთრებაში არსებული 200 ჰა-დან კი 120 ჰა-ზე ნუშისა და ხეხილის სუპერ ინტენსიური ბაღები გააშენეს.
„ბაღები 2022 წელს გავაშენეთ, ხოლო მისი მსხომიარობა 2023 წელს შეინიშნა. მიმდინარე წელს, ივლისში უკვე სრულ მოსავალს ველოდებით და შესაბამისად, მისი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე პირველად მოხდება.
რაც შეეხება ღირებულებას, ზოგადად პროდუქტის ფასს ბაზარი არეგულირებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ანალოგი არ გვყავს და ერთ-ერთი პირველი ვართ ხეხილის ბაღებით, ვფიქრობთ, რომ პროდუქციის ღირებულება საშუალოზე მაღალი იქნება. ამ ეტაპზე, საექსპორტო მიმართულებით მოლაპარაკებები არ გვაქვს, თუმცა 2026 წლისთვის, როდესაც ჯამში 1857 ტონა მოსავალს ველოდებით, ვფიქრობთ რომ საექსპორტო მიმართულებითაც გავაქტიურდებით, კერძოდ გალფის ქვეყნებში.
მეურნეობაში ჯამში 35 ადამიანი გვყავს დასაქმებული და უნდა აღვნიშნო, რომ კვალიფიციური კადრები სოფლის მეურნეობაში პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, წარმოების პროცესში მუშების პოვნა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო,"- აცხადებს ბერულავა.
მისივე შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, სახელმწიფო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. რასაც, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილი ხელშემწყობი პროგრამები მოწმობს.
2022 წელს, მეურნეობაში ევროპიდან იმპორტირებული ნერგების გაშენება, კერძოდ ბრტყელი ატმის ჯიშების გაშენება მოხდა. ხოლო, 2023 წელს, მეურნეობაში იტალიური მსხლისა და ვაშლის ბაღებიც გაშენდა.