თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს ბაღებში დასაქმებული აღმზრდელების გადამზადების პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება. როგორც სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, თანამშრომლობა დაიწყება როგორც პროფესიულ, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
მისივე ინფორმაციით, წლის განმავლობაში დედაქალაქში 10 ბაღი გაიხსნება, რომელიც ჯამურად 4 000-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
„მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით 2024 წელს, ყველა თანამშრომელს თანაბრად, 15%-ით გაეზრდება ხელფასი. ეს ეხება როგორც აღმზრდელს, ისე ტექნიკოსს, ისე დირექტორს თუ მეთოდისტს. ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა რამდენჯერ ხელფასი, თუმცა 15%-იანი მატება არის პირველი. ხელზე ასაღები ხელფასები საშუალოდ იყო 600-700 ლარი. სამომავლოდ გავაგრძელებთ ამ ნაწილში მათ მხარდაჭერას და ამასთან სხვა სიახლეებიც გვექნება.
დასაქმებულების გადამზადების ნაწილში ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ეს არის წლების პრაქტიკა. ვაპირებთ პროგრამების გაფართოებას, რათა უფრო მეტი გადამზადებული კადრი გვყავდეს. გარდა ამისა, ვიწყებთ თანამშრომლობას პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა მოხდეს ჩვენი პერსონალის პროფესიული გადამზადება. მნიშვნელოვანი რაც მინდა გამოვყო, წელს დაიწყება ჩვენი აღმზრდელების გადამზადება, პროფესიული გადამზადების ტრეინინგ-მოდულის მიხედვით, რაც გახდება საფუძველი მათთვის პედაგოგის სტატუსის მოპოვებისა. ეს საბოლოო ჯამში ავტორიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი მოთხოვნაც არის და ხელშემწყობი ფაქტორიც იქნება.
ბიუჯეტი ამ პერიოდში 207 მლნ ლარია, წლის განმავლობაში დაგეგმილია ზრდა. რაც განპირობებული იქნება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებით. 2023 წელს 155 ბაღში ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები, განახლდა სამზარეულო ინვენტარი და ყველა ბაღში დაინერგა ჰასპის სტანდარტი.
მიმდინარე წელს 10 ახალ ბაღს გავხსნით და 3 რეაბილიტირებული ბაღის გახსნა დაგეგმილია. ახალი ბაღები იქნება ისანში, სამგორში, გლდანი, დიდუბესა და კრწანისში. შედეგად ჩვენ დაგვემატება 4 ათასი აღსაზრდელის ადგილი. გაიზრდება პერსონალიც. ამ ეტაპზე 189 ბაღს ვუწევთ ადმინისტრირებას და 60 000-მდე ბავშვს",- განაცხადა კახა აბულაძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს.