ნიუ იორკში, ნოემბერში ყველაზე მასშტაბური აუქციონების კვირეული ყოველწლიურად იმართება, დაგეგმილმა აუქციონებმა შესაძლოა 2,3 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მოიტანო. მოსალოდნელი შედეგები გასული წლის ნოემბრის გაყიდვებთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი, რაც დიდწილად Sotheby's-ის ლოტებითაა განპირობებული.
ორი წლის განმავლობაში სუსტი შედეგების შემდეგ, მსოფლიოს წამყვანი სააუქციონო სახლები ნოემბრის აუქციონებზე 1.7-დან 2.3 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის მიღებას ვარაუდობენ.
თუ მოლოდინები გამართლდა, ეს გასული თვის Frieze London-ის და Art Basel Paris-ის შედეგებზე დაყრდნობით ექსპერტების მიერ გაკეთებულ ოპტიმისტურ პროგნოზებს დაადასტურებს, რომ მრავალწლიანი ვარდნის შემდეგ ხელოვნების ბაზარი ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
ამ თვეში აუქციონზე წარმოდგენილი ე.წ. ლურჯი ნამუშევრების მატება, ძირითადად Sotheby’s-ის სახლის დამსახურებაა, მათ შორის ლეონარდ ლაუდერისა და ჯეი და სინდი პრიცკერების კოლექციებით, მოგეხსენებათ Sotheby’s-ის სათავო ოფისი ახალ ლოკაციაზე გადავიდა და საკმაოდ მასშტაბური საინაუგურაციო აუქციონისთვის ემზადება.
სააუქციონო სახლები იმ ბიზნესის რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ყველაზე მძიმედ დაზარალდა, როდესაც 2023 წელს ხელოვნების ბაზარმა ვარდნა იწყო. ოქტომბერში Art Basel-ისა და UBS-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალი ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირების წილი, რომლებიც ნამუშევრებს აუქციონებზე ყიდულობენ, 74%-დან 49%-მდე შემცირდა, და ამ კოლექციონერების უმეტესობა გალერეებს ან კერძო დილერებს ანიჭებს უპირატესობას. მიუხედავად ამისა, სააუქციონო სახლების სპეციალისტები ნოემბრის აუქციონებთან მიმართებით ოპტიმისტურები არიან.
ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი (1914-16), გუსტავ კლიმტი
ნოემბერს დაგეგმილ აუქციონებზე კოსმეტიკის მაგნატის, ლეონარდ ლაუდერის 55 ნამუშევრისგან შემდგარი კოლექცია გადის, მხოლოდ ამ კოლექციის სავარაუდო ღირებულება 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კოლექციას მთავარი ლოტია გუსტავ კლიმტის "ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი" (1914-16), რომელიც, წინასწარი შეფასებით 150 მილიონ აშშ დოლარად შეიძლება გაიყიდოს და წლის ყველაზე ძვირად ღირებულ ლოტს წარმოადგენს. ლაუდერის კოლექციაში არსებული კლიმტის კიდევ ორი ნამუშევრის, "ყვავილოვანი მდელო" (1906) და "უნტერახის ტყის ფერდობი" (1917), სავარაუდო ფასი 80-100 მილიონ და 70-90 მილიონ დოლარს შეადგენს.




























