მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება - გივი ადეიშვილი

60268f602189f
ინგა მურუსიძე
12.02.21 19:35
947
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობა 100,000-ით გაიზარდა და 2021 წლის იანვარში 532,000-ს მიაღწია. გარდა ამისა, დღეს მთლიანი მოსახლეობის 14.3% თვეში 60 ლარის ოდენობის დახმარებას იღებს.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, არსებული მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში სულ 148,653 ოჯახი არის რეგისტრირებული, რაც ოჯახების 13.9%-ს შეადგენს.

ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაჩვენებლები შეაფასა დღეს BM.GE-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში, IDFI-ს ანალიტიკოსმა, გივი ადეიშვილმა. 

„2020 წელს იყო პროგნოზები, რომ ეკონომიკა -4%-ით შემცირდებოდა, რეალობამ გვაჩვენა, რომ ეკონომიკა -6%-ით შემცირდა და ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას თანაბრად -6%-იანი შემოსავალი დააკლდება. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც არის თვითდასაქმებული, იმ ნაწილს, რომელიც უფრო მეტად დამოკიდებული იყო ტურიზმის სექტორზე, მათ უფრო მეტად შეუმცირდათ და გაუნულდათ შემოსავლები.

ეკონომიკის -6%-ით შემცირება დიდი დარტყმაა მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ომის პერიოდშიც კი ჩვენი ეკონომიკა ასე არ შემცირებულა. ამ მოცემულობით თუ გადავხედავთ, საჭიროა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას. ახლაც ვხედავთ, რომ ეკონომიკა არ ფუნქციონირებს სრულად და მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, როგორ უნდა გაიხსნას ეკონომიკა ისე, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში არ დამძიმდეს, ადეიშვილი პასუხობს, რომ რეგულაციების მკაცრი დაცვით უნდა მიეცეს საშუალება ბიზნესს და მოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას.

„დღეს, როცა ყველაფერი დაკეტილია, მოსახლეობის დიდ ნაწილს განულებული აქვს შემოსავლები, ამ პირობებში მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენა და რეგულაციების შემსუბუქება. ინფიცირებულების რაოდენობა მცირდება და ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა არის“ - თქვა ადეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები