“ფორთოხლები” რეზორტი კერძო ინვესტიციით სულ რაღაც 2 კვირაა გაიხსნა და მომხმარებელს სამტრედიაში ეკომეგობრულ დასასვენებელ სივრცეს სთავაზობს. ბიზნესის შესახებ ინფორმაციაზე “ფორთოხლების” დირექტორმა ლაშა ულარჯიშვილმა Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“”ფორთოხლები” რეზორტი მომხმარებელს სთავაზობს კოლხეთის დაბლობის ულამაზეს ხედებს, სასტუმროს ტიპის, სრულად აღჭურვილ კოტეჯებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მომზადებულ ქართულ კერძებს, საცურაო აუზს და სხვადასხვა სარეკრეაციო და გასართობ სივრცეებს. ამ ეტაპზე გვაქვს 4 - 2 და 3 ადგილიანი კოტეჯი, ასევე მიმდინარეობს 4 სასტუმროს ტიპის ნომრის გამართვა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და გამოწვევა არის ეკო მეგობრულობა, რაც გულისხმობს , რომ ტერიტორიაზე არ არის შემოყვანილი ბუნებრივი აირი და ჩვენი მთელი ინფრასტრუქტურა მარაგდება ელექტრო ენერგიით , რომლის უმეტესი ნაწილიც გამომუშავდება განახლებადი ენერგიის წყაროდან. ამისთვის ჩვენი შენობების თავზე განთავსებულია მზის ენერგო პანელები. ასევე ტრანსპორტი, ელექტრომობილები, რომლითაც ვსარგებლობთ როგორც ადგილობრივი სტაფი, ასევე ვემსახურებით ჩვენს სტუმრებს. ტრანსპორტი იმუხტება ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენივე დამტენი მოწყობილობით”, - თქვა დირექტორმა.
ამასთან, ლაშა ულარჯიშვილმა “ფორთოხლების” სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სასტუმროს პროექტირება.
“სულ მალე დაგვემატება , საკონფერენციო დარბაზი, სათბური, რაც გულისხმობს, რომ გვექნება ჩვენი საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ასევე მიმდინარეობს სასტუმროს პროექტირება, რომელიც მოიცავს დამატებით განთავსების ადგილებს, დახურულ რესტორანს, გასართობ სივრცეს. ასევე ტერიტორიაზე იგეგმება სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა” - განმარტა მან.
გამოწვევებზე საუბრისას, სასტუმროს დირექტორი განმარტავს, რომ მთავარი გამოწვევა კომუნიკაციების თვალსაზრისით იყო.
“პროექტის განხორციელებისას მრავალ გამოწვევას გადავაწყდით, პირველ რიგში კომუნიკაციების თვალსაზრისით, რომელიც არ არსებობდა და ჩვენით შევქმენით. ასევე ჩვენი მიზანია მინიმალურად შევეხოთ ბუნებრივ ლანდშაფტსა და გარემოს რაც ასევე რთული მისაღწევია. მოგეხსენებათ ჩვენი ტერიტორია მარაგდება მხოლოდ ელექტრო ენერგიით და მისი უმეტესი ნაწილი განახლებადი წყაროთი მოიპოვება, რაც ასევე სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მყარად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ სამომავლო ინფრასტრუქტურაც ამ მიზნების შესაბამისად მოვაწყოთ. გვაქვს ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერა რაც გვეხმარება პრობლემების გადაჭრაში”, - დასძინა მან.
ამასთან, “ფორთოხლები” რეზორტი რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს და ადგილობრივებს ასაქმებს, ამჟამად რეზორტში 20 ადამიანამდეა დასაქმებული, აქედან უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.