წუხელ ღამით ძლიერი ქარის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წოლასა და ონჭევში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ძლიერმა წვიმამ კი მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია და ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. როგორც BMG-სთან ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდაშელი აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა, გზები გაწმენდილია და რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
"ამ ეტაპზე სტაბილური ვითარებაა, ძლიერმა ქარმა ერთადერთი, რაც გამოიწვია, დააზიანა მთლიანად საცხოვრებელი სახლების სახურავები. ვიმყოფებოდით დღეს დილიდან თითქმის ყველა მოქალაქესთან, ღამით სტიქიის ზონაშიც ვიმყოფებოდით. ამ ეტაპზე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, ძირითადად ამ სახლების სახურავების ნაწილში, და შემდგომ უკვე რეაგირება იქნება, რა თქმა უნდა. საუბარი 10-მდე საცხოვრებელ სახლზე.
მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. გზები ყველგან გამავალია, იყო მცირედი შეფერხება სოფელ ჭიორას მიმართულებით, მაგრამ ფაქტობრივად ღამითვე გაიწმინდა ეს გზა, რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ ეტაპზე სამ თემს არ მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა, როგორც შესაბამისი სამსახურები გვეუბნებიან, უახლოეს პერიოდში ყველგან ეტაპობრივად აღდგება მიწოდება", - განაცხადა სერგი ხიდაშელმა.
წუხელ ღამით ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია. სოფელ ჭიორაში კი მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა საგლოლოზე და ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ღების, ჭიორის, გლოლის და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.




























