დუბაიში ბაზირებული უძრავი ქონების საბროკერო კომპანია OSUS PROPERTIES-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია, რასაც არსებული პოტენციალი განაპირობებს. მან ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ თბილისი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორებს მასპინძლობს - ფორუმს კომპანია "ინვესტ ინ ჯორჯია" საქართველოში უკვე მესამედ ატარებს. ღონისძიებას ინვესტორები, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, უძრავი ქონების სპეციალისტები და ქართული დეველოპერული კომპანიები ესწრებიან.
OSUS PROPERTIES-ის დამფუძნებელი ჰიშამ ალ ასაადი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე უძრავი ქონების მიმართულების წვლილის გათვალისწინებით, საინტერესოა ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის უკეთ შესწავლა.
"ბოლო 25 წელია, რაც უძრავი ქონების ინდუსტრიაში ვმუშაობ დუბაიდან. გვსურს გავიგოთ უძრავი ქონების სფეროს მდგომარეობა, მისი წვლილის გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკაში. უძრავი ქონების და მშენებლობის წილი საქართველოს მშპ-ში 18%-ია.
ვფიქრობ, საქართველო ბევრი ქვეყნისთვის ძალიან მიმზიდველია იმ ამონაგებით, რასაც ის გვთავაზობს. ჩვენ ვხედავთ უამრავ საერთაშორისო დეველოპერს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და თურქეთიდან, რომლებიც ჩამოდიან საქართველოს განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად, იქნება ეს ბათუმში, თბილისსა თუ გუდაურში. თითოეულ ამ ქალაქს განსხვავებული და უნიკალური შეთავაზება აქვს.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში გეგმების ნაწილია გუდაურის სათხილამურო კურორტის მონახულება. იქ, ვფიქრობ, რამდენიმე უძრავი ქონების განვითარების პროექტს განვიხილავთ. ზოგი ბრენდირებულია, ზოგი - არა. მინდა გავიგო, რა პოტენციალი არსებობს",- აღნიშნა მან.
კიდევ ერთი სფერო, სადაც OSUS PROPERTIES-ის დამფუძნებელი გამოუყენებელ პოტენციალს ხედავს, ტურიზმის მიმართულების სერვისებია.
"საქართველოში ტურიზმი იზრდება. მას აქვს უვიზო რეჟიმი მრავალი ქვეყნისა და ერისთვის და ეს მას ძალიან მიმზიდველს ხდის. მჯერა, რომ არსებობს პოტენციალი სხვადასხვა სასტუმროებისთვის, კვებისა და სასადილოების დივერსიფიკაციისთვის. რადგან ამჟამად, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ძალიან მოკლე პერიოდში, არის ის, რომ ის ძირითადად ქართულზეა ორიენტირებული. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო აუდიტორია ჩამოდის, ვფიქრობ, რომ თქვენს ვიზიტორებისთვის მეტი რამის შეთავაზება შეიძლება",- აღნიშნა მან.




























