საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელისადმი მხარდაჭერის გამოსახატად "ბათუმელების" რედაქციაში მივიდა. მან "ბათუმელებთან" ინტერვიუ სწორედ მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო.
"მინდა მზია ამაღლობელს ყველას სოლიდარობა გადავცე და მადლობა ვუთხრა, რომ არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების თვალში, საზღვარგარეთაც გამოაჩინა ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა ამ ძალიან რთულ პერიოდში. ესაა ის, რაც გადაგვარჩენს. ამისთვის მისი სახელი ძალიან დიდხანს დარჩება ისტორიაში",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მას წამყვანმა პირველი კითხვა მზია ამაღლობელის სახელით დაუსვა. კითხვა ეხებოდა "ქართული ოცნების" განცხადებას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ, მას შემდეგ, რაც PACE-ში მათი უფლებამოსილების ცნობა გარკვეული, მათ შორის ახალი არჩევნების და დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ, დათქმებით მოხდა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ევროსაბჭომ მის ხელთ არსებული ზეწოლის საშუალებები გამოიყენა და ამით გამოხატა, რომ ქართველი ხალხის მხარესაა.
"მიმაჩნია, რომ ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო. ერთი მხრივ, დასვა ძალიან სწორი პირობები და მეორე მხრივ, იმთავითვე არ შეწყვიტა დელეგაციის უფლებამოსილება, რადგანაც გააზრებული იყო, რომ ეს საქართველოს იზოლაციას დაამძიმებდა. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რასაც ქართულმა დელეგაციამ ძალიან არასწორი პასუხი გასცა, მაგრამ ეს გასაკვირი არაა. რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდში არის ნაბიჯი ნაბიჯზე, რომელიც მიდის იმისკენ, რომ საქართველო პარტნიორებისგან გამოთიშონ, იმ თანამეგობრობისგან, რომელიც საყრდენი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და ისეთ იზოლაციაში ჩაგვაყენონ, სადაც დაგვრჩება მხოლოდ ერთი მეზობელი, პატრონი, რომელთანაც ურთიერთობა არასდროს თანასწორობაზე არ იქნება აგებული",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის იზოლაცია დამღუპველია და ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.
"ამაშიც მზია ამაღლობელის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან ღრმად აფასებენ პიროვნებებს. ერთია, როცა ეუბნებით, რომ მასობრივი პროტესტია, თუმცა ამ პროტესტს როცა უკვე სახე აქვს და სახელი, ეს იღებს სულ სხვა განზომილებას და ამას ბოლომდე შეიძლება ჯერ ვერ ვხვდებით, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია მზია ამაღლობელი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.




























