ირაკლი კობახიძე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას რეგიონზე ზრუნვის გაგრძელებასა და შემდგომ განვითარებას ჰპირდება. ამის შესახებ მან ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონი წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.
„მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას არ მოაკლდება ზრუნვა. რეგიონი ვითარდება წლიდან წლამდე, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს „შუამთობის“ დღესასწაულიც მიულოცა და დასძინა, რომ მაღალმთიანი აჭარის მთავარი სიმდიდრე ადგილობრივი ხალხი, მისი კულტურა და ტრადიციებია.




























