ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გმობს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ესმის ქართველი ხალხის ბრაზის.
„პირველ რიგში მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირი თქვენთან დგას. ჩვენ სრულად გვესმის თქვენი ბრაზი, სასოწარკვეთა. გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის იყო ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი. ეს ასევე იყო ყველა ქართული მთავრობის, მათ შორის, ბოლო ქართული მთავრობის გამოხატული სურვილი. მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი გააოცა, რომ ეს იყო შოკის მომგვრელი.
მესმის, რომ დემონსტრაციები არ იყო ორგანიზებული. ისინი არ იყო დაგეგმილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის ბევრ ქალაქში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები", - განაცხადა ელჩმა.