მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს - პრემიერი

პრემიერი
BM. GE
25.10.23 20:50
78

მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად ამ შიდა თუ გარე მტრებისა და ამდენი დესტრუქციის და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა აქარწყლებს ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც მოედინება დედაქალაქიდან.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიფრთხილებია საზოგადოება, ჩვენი ხალხი ასეთი შემაფერხებელი დესტრუქციული საბოტაჟის ფაქტების შესახებ. ამის თაობაზე მქონდა ღია საუბარი, კონკრეტული ფაქტები მოვიყვანე, დავასახელე გვარები იმ ოპოზიციონერების, რომლებიც დადიოდნენ, დადიან ჯერ კიდევ ევროკავშირში, ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, ბრიუსელში მათ შორის, და რომლებიც ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი. მე ამას დავარქმევდი პირდაპირ ღალატს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. რატომ? ერთადერთი მიზეზის გამო, მათ არ უნდათ ჩვენი ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

უვიზო რეჟიმზე როცა ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, მაშინ დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები დადიოდნენ და ემუდარებოდნენ ევროპელ კოლეგებს, რომ არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის ფაქტი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ ვაქარწყლებთ ამ ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც მოედინება უხვად დედაქალაქიდან, თბილისიდან ოპოზიციონერების მხრიდან და მათ იციან რეალობა, ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა.

მე მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად ამ შიდა თუ გარე მტრებისა და ამდენი დესტრუქციის და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ მშვიდობაც გვექნება, მოწოდებულები ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა და მშვიდად უნდა მივყვეთ სიტუაციას“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის შეფასებით, ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც რეფორმებს და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციას გააგრძელებს.

„საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა და 12-ვე რეკომენდაცია მაქსიმალურად შევასრულეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია და სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოებები არსებობდა, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რამე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი - ვითვალისწინებ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებ იმ პრეცედენტებს, რომლებიც შეიქმნა, რომ შარშან მოლდოვას, უკრაინას და ბოსნია ჰერცეგოვინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომლებსაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და საქართველოსთან შედარებით დღესაც აქვთ და დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სისტემატურ კოორდინაციაში ვიმყოფებით ჩვენს ევროპელ კოლეგებთან.

ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კოორდინაცია და ინტერაქცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, იყო მთელი რიგი დაზუსტებები. ჩვენ საკმაოდ მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო შთამბეჭდავი პროგრესიც ვაჩვენეთ, რომელიც აღვნიშნე ჩემს შეხვედრებზე. გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერია კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და მხარდამჭერი იმისა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გზავნილი არის მარტივი - ჩვენ, ჩვენი ხალხი, მთავრობა და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები