მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინერალური რესურსების სააგენტო ეკონომიკიდან გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. აღნიშნულს „წიაღის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიზანია სასარგებლო წიაღისეული მართვის და გარემოს დაცვის საკითხების ეფექტიანად წარმართვა.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების სააგენტოს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წიაღის მდგრადი მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისა და სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა/სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია. შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობა მოითხოვს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის ეფექტიანად მართვის და განკარგვის უზრუნველყოფას. ამასთან, იგი პირდაპირ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემოზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ამოცანას/ფუნქციას წარმოადგენს სწორედ ბუნებრივი რესურსებით (გარდა სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო მართვა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, გარემოს დაცვა, ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება. ასევე, ნარჩენების მართვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილება და სააგენტო გახდეს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, რომლითაც მეტად ეფექტიანად იქნება უზრუნველყოფილი სასარგებლო წიაღისეულის მართვა, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენცია და გარემოსთვის მიყენებული ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის შერბილება",- წერია დოკუმენტში.

ცვლილებების ავტორები და ინიციატორები ერთპარტიული პარლამენტის შემდეგი დეპუტატები არიან: მაია ბითაძე, გიორგი ჭყონია, ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ხახუბია, გოდერძი ჩანქსელიანი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი ზარქუა, ზაურ დარგალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები