„საქართველოს მწერალთა სახლთან“ ბოიკოტში მყოფი ქართველი გამომცემლები წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დამოუკიდებელი სტენდით და საკუთარი სახსრებით წარდგებიან. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, გვანცა ჯობავამ განაცხადა.
„სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის უძვირფასესია ის მრავალწლიანი პროფესიული ურთიერთობა, რომელიც გვაკავშირებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გამომცემლები და მწერლები უწყვეტად წარადგენდნენ ქართულ ლიტერატურას ამ საერთაშორისო ფორუმზე, ბოიკოტში მყოფმა ქართველმა გამომცემლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარვდგეთ დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით, რომელიც ღია იქნება ყველა იმ ქართველი გამომცემლისთვის, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა ჩვენი ბოიკოტის პირობებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სექტორის ერთიანობას“, - აღნიშნა გვანცა ჯობავამ.
ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის საფრთხე, რომელიც, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად ქართული კულტურის თავისუფლებას ემუქრება. გამომცემლებს მიაჩნიათ, კულტურის სფეროს უკიდურესი შევიწროებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლებაც.
„თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თითქოს ნაჯახით აკითხავს ხოლმე კულტურის თითოეულ სფეროს და ცდილობს დაანგრიოს წლების განმავლობაში ბევრი ადამიანის შრომის შედეგად ნაშენები საქართველოს კულტურის ყველა სფერო“ - განაცხადა გვანცა ჯობავამ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა წელს 17 ოქტომბერს დაიწყება. ქართველი გამომცემლები და ავტორები წელსაც წარსდგებიან ოთხი დამოუკიდებელი გამომცემლობის, „სულაკაურის გამომცემლობა“, გამომცემლობა „ინტელექტი“, გამომცემლობა „პალიტრა L” და გამომცემლობა „არტანუჯი“, ფინანსური მხარდაჭერით.