მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის თქმით, ანაკლიასთან დაკავშირებული სახელმწიფო ინვესტიციები შესაძლოა ADB-მაც დააფინანსოს

64538b0e3f315
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.23 14:36
977
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” კითხვას უპასუხა. მინისტრი ამჟამად სამხრეთ კორეაში, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, მისი თქმით არაა გამორიცხული პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო ინვესტიციების ნაწილის დაფინანსებისთვის მთავრობამ სასესხო შეთანხმება სწორედ ADB-სთანაც გააფორმოს.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ახალი გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.

ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვით მთავრობა ეძებს გამოცდილ ინვესტორს, რომელსაც ექნება შესაბამისი ფინანსური და ორგანიზაციული შესაძლებლობა ააშენოს, მართოს და მოიზიდოს ტვირთები ახალ სატრანსპორტო დერეფანში. გადაცემა “ანალიტიკას” კითხვაზე დაუზღვევს თუ არა მთავრობა ინვესტორს ტვირთბრუნვის რისკს, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს რისკი სრულად ინვესტორის მიერ იქნება ასაღები.

“ინტერესთა გამოხატვა არის გამოცხადებული როგორც იცით და ჯერ უნდა მოვისმინოთ წინადადებები იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც გეგმავენ რომ შემოვიდნენ ამ ტენდერში.

მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორი, რომელიც საბოლოოდ იქნება შერჩეული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და რესურსები იმისთვის, რომ მან მოიზიდოს ტვირთები, რომლებმაც ამ პორტში უნდა გაიაროს,”- ამბობს ფინანსთა მინისტრი.

კითხვა - კომერციული რისკი ინვესტორზე უნდა გადავიდეს?

“ ეს ერთადერთი რისკია, რომელიც მან უნდა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ოპერატორი ვერ იძლევა ტვირთების ტრეფიკის გარანტიას, მაშინ ეს აზრს კარგავს გვყავდეს კერძო ოპერატორი აქ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ორჯერ უფრო ნაკლებ პროცენტში მოიზიდოს საკრედიტო დაფინანსება მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ვიდრე ამას შეძლებს კერძო სექტორი.

მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორი ვინც იქნება შერჩეული იყოს მაღალი რეპუტაციის, ჰქონდეს ძალიან დიდი გამოცდილება და შეძლოს ის, რომ ტვირთები მოიტანოს სატრანსპორტო კორიდორში. შეიძლება ტვირთების მოტანა იმდენად დიდი პრობლემა არ იყოს, რადგანაც მოხდა ტვირთების გადმონაცვლება ჩრდილოეთის დერეფნიდან ე.წ. შუა კორიდორში, თუმცა როდესაც ხდება ინვესტიციის გაკეთება, რომელიც გათვლილია 30-40 წელზე, მნიშვნელოვანია არამხოლოდ დღეს არსებული მდგომარეობის შეფასება, არამედ ტვირთების გრძელვადიანი შენარჩუნება.

როდესაც ვსაუბრობთ კორიდორზე, მხოლოდ ერთი ქვეყნის გამართულად ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია რომ კორიდორის მონაწილე ყველა ქვეყანა, ძალიან შეთანხმებულად და კოორდინირებულად ფუნქციონირებდეს, როგორც ტარიფებთან მიმართებით, ასევე პროცედურებთან მიმართებით. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კორიდორი ეკონომიკურად ბევრად უფრო მეტად მდგრადია. ანუ უფრო მიმზიდველი და მომგებიანიცაა,”- პასუხობს ფინანსთა მინისტრი.

რა სახით შეიძლება ამ პროექტში ჩაერთოს აზიის განვითარების ბანკი?

“ამ ნაწილში რა თქმა უნდა ADB-ის ინტერესი არის, რომ მას შემდეგ რაც იქნეება კერძო ინტერესი გამოხატული, იმ ნაწილში, საბოლოო სტრუქტურა როგორც ჩამოყალიბდება ამ ნაწილში სახელმწიფოს მოუწევს ინვესტიციის განხორციელება, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს მხარეს ერთ-ერთი ინვესტორი სხვა ინვესტორებთან ერთად იყოს აზიის განვითარების ბანკი. ასეთი ინტერესი მათი მხრიდან არსებობს,”- განმარტავს ლაშა ხუციშვილი.

აზიის განვითარების ბანკი AIIB-ისთან, EBRD-თან და EIB-ისთან ერთად იყო ერთ-ერთი საერთაშირისო საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ანალიის პორტის წინა პროექტის ერთ-ერთ ძირითად ინვესტორად მოიაზრებოდა. საუბარი იყო ABD-ის მიერ სხვა ბანკებთან ერთად $100 მილიონის გამოყოფაზე (ჯამში $400 მლნ), რომლითაც პროექტის განხორციელების პირველი ფაზა უნდა დაფინანსებულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები