რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, რის შედეგადაც ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ იუწყება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სასამართლოს განჩინებით, კობა გაბუნიას ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბრალდებულის უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ლაგი კაპიტალი“. კობა გაბუნიასთვის ცნობილი იყო, რომ „ლაგი კაპიტალი“ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საავანსო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და „ლაგი კაპიტალს“, ეტაპობრივად, ავანსის სახით გადაურიცხა 11 200 000 ლარზე მეტი თანხა. ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა.




























