"ოცნების" მთავრობის მიერ დანიშნული განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საშუალო განათლების 11-წლიანი პროგრამა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სრული ზოგადი განათლება მიიღონ და ის არც ე.წ. "ბოლონიის პროცესთან" მოდის წინააღმდეგობაში.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, აღნიშნულ დოკუმენტში 12-წლიანი სწავლების დანერგვა პირდაპირ მოთხოვნილი არ არის. "ოცნების" მინისტრმა უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-12 კლასის ევროპულ სკოლაში დამთავრება "ერთით მეტი საფეხური" იქნება.
"სავსებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 11 წელი არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრული ზოგადი განათლება მივცეთ ჩვენს ახალგაზრდებს და, თუკი გადაწყვეტილება იქნება 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადასვლაზე, მინდა გითხრათ, რომ ეს "ბოლონიის პროცესთან" წინააღმდეგობაში არ მოდის, იმიტომ რომ მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში თქვენ ვერსად ვერ მაჩვენებთ, რომ პირდაპირ მოთხოვნილი არის 12-წლიანი სწავლების დანერგვა. ევროპაში არის ქვეყნები, სადაც 13-წლიანი სწავლებაც კი არის. ამიტომ ეს თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური გადასაწყვეტია.
თუმცა 11 წელი თუ იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება უცხოეთში სწავლის გაგრძელება. მხოლოდ ამისთვის უცხოეთის სკოლებში ერთი საფეხურის დამატებით გავლა იქნება საჭირო, მე-12 კლასის სახით, იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურვილი ექნებათ, რომ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, მთელი ეს რეფორმა, რომელიც შემდეგი სამ-ოთხ წლიან ფორმატში განხორციელდება, არის იმისთვის, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი ისეთი იყოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს განათლების მისაღებად უცხოეთში სწავლა არ უნდოდეთ და არ სჭირდებოდეთ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქმე ისაა, რომ ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი ნამდვილად არის.
მეტიც, მიმდინარე წლის 17 ოქტომბრამდე განათლების სამინისტროს ვებგვერდის არქივში იძებნებოდა ჩანართი, სადაც ახსნილია, რატომ გახდა 2008 წლიდან საჭირო, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები 12-წლიან სწავლებაზე გადასულიყვნენ. დღეს ეს დოკუმენტი აღარ იძებნება, თუმცა BM.GE-ს მიერ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალში, ის "სქრინშოტის" სახით ინახება.
"ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის (ლისაბონი, 1997. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს) IV განყოფილება შეეხება უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციების ცნობას, რომლის თანახმადაც, ყოველი მხარე ცნობს მეორე მხარის შესაბამის კვალიფიკაციას თუ არ დასტურდება საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება. ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი. ამდენად, როგორც წესი, 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ", - ვკითხულობდით დაარქივებულ დოკუმენტში.
გივი მიქანაძემ მედიასთან ისიც დაადასტურა, რომ განათლების რეფორმის კონფეცფია ჯერ ისევ მუშავდება და არ არის გადაწყვეტილი, ნამდვილად შემცირდება თუ არა სასწავლო პროგრამა 11 წლამდე. მიუხედავად ამისა, მინისტრმა დაანონსებული ცვლილებისადმი კრიტიკა "ოპონენტებს" მიაწერა.
"ძალიან საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერმა დააანონსა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, ძირითადი დისკუსია მთელ საზოგადოებაში წარიმართა არა უმაღლესი განათლების რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ სწორედ 11 კლასი იქნება თუ 12-წლიანი სასწავლო პროცესი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დაანონსებული კონცეფცია, როგორც პრობლემების იდენტიფიცირების, ასევე მისი გადაწყვეტის გზების კონტექსტში, ოპონენტების მხრიდან პოლემიკის საგანს ვეღარ, ვეღარ წარმოადგენს. ოპონენტებმა [დოკუმენტს] ფაქტობრივად ვერაფერი დაუპირისპირეს და მთელი აქცენტი და სპეკულირება კონკრეტულმა ჯგუფებმა გადაიტანეს იმისკენ, რომ, 11-წლიან განათლებაზე თუ გადავიდა სასკოლო მიმართულება, ეს "ბოლონიის პროცესის" წინააღმდეგია.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ 11-წლიანი სასწავლო პროცესის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ეს განხილვების პროცესში არის, ჩვენ არ დაგვიხურავს კარი და ვთქვით, რომ თუ ჩვენ მოვისმენთ გარკვეულ არგუმენტებს, ჩვენ ვიმსჯელებთ იმის თაობაზე, თუ რა შუალედური გამოსავალი შეიძლება ამ სიტუაციაში იყოს. უახლოესი რამდენიმე კვირის ფორმატში წარმოგიდგენთ მთელ საზოგადოებას სასკოლო რეფორმის კონცეფციას, სადაც ამ საკითხზეც იქნება კონკრეტულად საუბარი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.




























