ევროპას უფრო მეტი მოცულობის გაზი რომ მიეღო, საქართველომ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან გაზის მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანაცვლოდ ქვეყანა გაზს მეორე ყაზახ-საგურამოს გაზსადენიდან იღებდა.
"მოგეხსენებათ, გაზის ძირითადი მომწოდებელი ჩვენთვის აზერბაიჯანია, რომელთანაც ორი მილსადენი გვაქვს. ერთია სამხრეთ კავკასიური (SCP) და მეორე ე.წ ყაზახის გაზსადენი [ყაზახ-საგურამოს გაზსადენი], რომლითაც გაზის მიღება ხდება. მნიშვნელოვანია ფაქტორია და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ. კერძოდ, იმისთვის, რომ ევროპას და მის მოსახლეობას როგორც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ და მათ მოხმარებას, გაზის მიღების წერტილი მთლიანად ყაზახის მილსადენზე გადმოვიტანეთ. შედეგად აზერბაიჯანმა SCP-ის საშუალებით ევროპისთვის უფრო მეტი გაზის მიწოდება შეძლო. ეს ჩვენი მხრიდან მეგობრული და სწორი ნაბიჯია.
შესაძლოა ეს ქვეყნისთვის ერთგვარი ენერგეტიკული უსაფრთხოების შეზღუდვა იყოს, მაგრამ ვფიქრობთ, დღეს ასეთი ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია. ამ პროცესთან [ტრანზიტის მოცულობის მიღება] კავშირში არ არის და რა მოცულობაც გავა იმას მივიღებთ [ოფციური გაზის სახით]. ახლა ყაზახიდან ვიღებთ ბუნებრივ აირს და საშუალებას ვაძლევთ მთელი მოცულობა ევროპაში გაიტანონ", - ამბობს მიქაუტაძე.
სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება. უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის 249 კმ გადის.