ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე მზად არის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად პროკურატურას მიმართოს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამის შესახებ მიქაუტაძემ დღეს, 13 მარტს, გამართულ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
ყოფილი მაღალჩინოსანი არ ეთანხმება ბრალდებას, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეში თავის მოსახელე შვილიშვილს ელოდება, განაცხადა, რომ ოჯახთან შეთანხმებით, მზადაა, აღიაროს არარსებული ბრალი, აანაზღაუროს არმიყენებული ზიანი და გააფორმოს საპროცესო ხელშეკრულება პროკურატურასთან.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს ორშაბათს, 16 მარტს გამოუტანს.
რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, მიქაუტაძე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი.




























