მიქელანჯელოს მიერ შესრულებული ტერფის 12 სანტიმეტრიანი ესკიზი ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდება. წინასწარი შეფასებით, ნამუშევრის ფასი 1.5-დან 2 მილიონ დოლარამდეა.

ტერფის ესკიზი
ნამუშევრის არსებობის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც Christie's-ის ერთ-ერთმა სპეციალისტმა, ჯადა დამენმა ის ონლაინ მოთხოვნების სიაში შენიშნა. კლიენტს სურათისთვის დართულ ფორმაზე მითითებული ჰქონდა, რომ მხატვარი მიქელანჯელო იყო; თუმცა, როგორც დამენმა New York Times-სთან საუბრისას ახსენა, მას ხშირად უკავშირდებიან რენესანსის ოსტატების მიერ შესრულებული ნამუშევრების გაყიდვის მსურველები, თუმცა ნახატების უმეტესობა რეპროდუქციებია.
რენესანსის პერიოდის ნახატების ნამდვილობის დადგენა რთული პროცესია, რადგან ხშირად ავტორის ხელმოწერა ან არ არის დატანილი ან ყალბია. ახლად აღმოჩენილი ნახატის შესწავლისა და მიქელანჯელოს არსებულ მონახაზებთან შედარების შემდეგ, Christie’s-ის თქმით ნახატი მიქელანჯელოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის, სიქსტეს კაპელის ჭერის ფრესკის ნაწილის მოსამზადებელი მონახაზია.

ლიბიელი სიბილას ესკიზი და სიქსტეს კაპელას ფრესკა
ამ დასკვნაზე დაყრდნობით ნახატი წარმოუდგენლად იშვიათია. მიქელანჯელო სიქსტეს კაპელის ფრესკებზე 1508-დან 1512 წლამდე მუშაობდა, რა პერიოდშიც მან ათასობით ესკიზი შექმნა ცოცხალი მოდელების გამოყენებით. ესკიზებიდან მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი. თუ ახლად აღმოჩენილ ნახატს არ ჩავთვლით, მათგან მხოლოდ ერთი ინახება კერძო კოლექციაში. Christie’s-ის საიტზე ნახსენებია, რომ ტერფის მონახაზი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში დაცულ ესკიზს ჰგავს, რომელიც სწორედ სიქსტეს კაპელას ფრესკაზე გამოსახული ლიბიელი სიბილას მონახაზია.
მიქელანჯელოს დღემდე უცნობი ესკიზის მფლობელმა ანონიმურობა ისურვა, თუმცა ცნობილია, რომ მან ნამუშევარი ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო 2002 წელს და ის ოჯახში 17 საუკუნის ბოლოდან ინახებოდა. მოლოდინით თებერვლის აუქციონზე ნახატი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ტერფის გამოსახულება გახდება.

შიშველი კაცი და მის უკან მდგარი ორი ფიგურა
მიქელანჯელოს აუქციონზე ბოლოს გაყიდული ნახატია - შიშველი კაცი და მის უკან მდგარი ორი ფიგურა, რომელიც Christie’s-ის სააუქციონო სახლის მიერ 2022 წელს 23.1 მილიონ ევროდ გაიყიდა.




























