„მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო“, - ასე აფასებს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მასსა და Credit Suisse-ს შორის წარმოებულ დავას, რომელის შესახებ მხარეების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთებულა.
ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რაზე აპირებდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხის დახარჯვას და აკონკრეტებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პირადი, ან საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.
ის ამბობს, რომ ამ საკითხზე განცხადებების გაკეთებას კვლავ მისი უფლებების დამცველი ადვოკატი გაავრცელებს.
"რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს“, - ნათქვამია იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ მიერ გავრცელებულ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.



























