მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მისასალმებელია, რომ მედიკამენტების ფასწარმოქმნის ჯაჭვი ორკომპონენტიანია, რაც დამატებით საოპერაციო ხარჯს არ იწვევს - შოთა ბერეკაშვილი

შოთა ბერეკაშვილი

"ფასების საპარლამენტო კომისიის" თავმჯდომარე მიესალმება იმ გარემოებას, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასწარმოქმნის ჯაჭვი ორკომპონენტიანია, რაც დამატებით საოპერაციო ხარჯებს არ ქმნის, რის შესახებაც დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა დაიწყო. სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების ადგილობრივ მწარმოებლებს და საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიების, კერძოდ: „ჯი-ემ-პი“-ს, „ავერსი-რაციონალის“, „ბიოფარმის“, „ბიოქიმფარმის“, „ჯმფ“-ის, „ბერლინ ჰემია“/„მენარინი დისთრიბიუშენ ჯორჯიას“ და „ნოვარტის ფარმა სერვისიზის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს.

კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა რეგულირებადია და სექტორის მუშაობა მონიტორინგის ზედამხედველობით ხორციელდება.

მისივე თქმით, 2023 წლიდან რეფერენტული ფასების პროგრამა ამოქმედდა და ამ ეტაპზე კომისიის მიზანია, შეაფასოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასწარმოქმნის ჯაჭვი, მედიკამენტების ფასების დინამიკა და როგორ მუშაობს რეფერენტული ფასების პროგრამა.

სხდომაზე განხილული საკითხები სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შეაჯამა.

„ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გაიმართა. ბაზარზე რეფერენტული ფასების მოდელი წარმატებით მუშაობს და ადგილობრივ მწარმოებლებს ის პრობლემებს არ უქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ რეფერენტული ფასების მოდელის გაფართოება შესაძლებელია ისე, რომ ამას ბაზარზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია არ მოჰყვეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ წარმოებას ექსპორტის პოტენციალი აქვს. ჩვენ ამას მივესალმებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში „GMP“ სერტიფიცირების მექანიზმი კარგად მუშაობს და ეს მედიკამენტების ხარისხს იცავს. მისასალმებელია ისიც, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვი ორ კომპონენტიანია, რომელიც მწარმოებლებისა და ქსელ-დისტრიბუტორებისგან შედგება. ეს ნიშნავს, რომ მესამე რგოლის სახით დამატებითი საოპერაციო ხარჯები არ არის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს, რომლებიც წარმოებიდან სააფთიაქო ქსელამდე მედიკამენტების ფასნამატის ოდენობებს, ნაშთების მართვას, რეფერენტული ფასების პროგრამის დაწყებამდე მედიკამენტების ფასებს, მწარმოებლებს შორის არსებულ კონკურენციას, ჯენერიკებსა და ორიგინალ მედიკამენტებს შორის ფასების განსხვავებებს შეეხებოდა.

დროებითი კომისია, ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების შესწავლის მიზნით კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები