კულინარიულ სამყაროში მიშელინის ვარსკვლავი ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა, რომელიც არა მხოლოდ კერძების აღიარებას ნიშნავს, არამედ ყურადღების ქვეშ აქცევს ქალაქებსა და ქვეყნებს, რომლებიც ვახშმობის გამორჩეულ გამოცდილებას ქმნიან.
კულინარებისთვის მიშელინის ვარსკვლავიან ქვეყნებზე თვალყურის დევნება ღირებულ ინფორმაციას იძლევა. სწორედ ეს კომპონენტი აჩვენებს, სად ხდება კულინარიის ინოვაცია, და სად ელოდებათ შეფმზარეულებს ახალი შესაძლებლობები.
"მიშელინის ვარსკვლავი" "მიშელინის მეგზურის" ნაწილია - რესტორნების გიდების სერიისა, რომელსაც, საუკუნეზე მეტია, საბურავების მწარმოებელი, ამავე სახელწოდების ფრანგული კომპანია გამოსცემს. დროთა განმავლობაში, სწორედ შეფასების ეს სისტემა იქცა ე.წ. Fine Dining-ის ყველაზე გავლენიან ნიშნულად. გზამკვლევი რესტორნებს სამვარსკვლავიანი სისტემით აფასებს. ერთი ვარსკვლავი ნიშნავს, რომ რესტორანს აქვს მაღალი ხარისხის კერძები მკაფიო არომატებითა და შესანიშნავი ინგრედიენტებით. ორი ვარსკვლავი ენიჭება დახვეწილ და ოსტატურად მომზადებულ სამზარეულოს, სადაც შეფმზარეულის უნიკალური ხედვა ვლინდება. სამი ვარსკვლავი კი გამორჩეული კერძების უმაღლეს დონეს აღნიშნავს.
2025 წლის მაისის მონაცემებით, მსოფლიოში 3,053 ერთვარსკვლავიანი, 503 ორვარსკვლავიანი და 153 სამვარსკვლავიანი რესტორანია. ეს რიცხვები იცვლება სახელმძღვანელოს ყოველწლიურ განახლებასთან ერთად, თუმცა, ბოლო მონაცემებით, მიშელინის ყველაზე მეტი ვარსკვლავის მქონე ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
საფრანგეთი - 654
პირველ ადგილს თავად მიშელინის სამშობლო, საფრანგეთი იკავებს, სადაც ვარსკვლავი 654 რესტორანს აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მიმართულებაა, როდესაც საქმე დახვეწილ ვახშამს ეხება. 2025 წლის გზამკვლევი ცხადყოფს, რომ შეფასების სისტემა უპირატესობას ანიჭებს მდგრადობის კომპონენტს, რეგიონულ მრავალფეროვნებას და ახალგაზრდა შეფმზარეულებს, რომლებიც კლასიკურ ფრანგულ ტექნოლოგიებს ახლებური გზით ირგებენ. საფრანგეთი კულინარიული ტრენინგებისა და კარიერული განვითარებისთვის კვლავაც საუკეთესო დანიშნულების ადგილია.
იტალია - 393
სამხრეთ ევროპაში მიშელინის ვარსკვლავების რაოდენობით იტალია ლიდერობს, სადაც ეს ჯილდო 393 რესტორანს აქვს მინიჭებული. ქვეყანა გურმანებს რეგიონული ტრადიციისა და თანამედროვე კრეატიულობის იდეალურ ნაზავს სთავაზობს. გარემოს მდგრადობაზე ზრუნვის კომპონენტზე მაღალი ინტერესი აქაც შეინიშნება, რადგან 70-მდე რესტორანი “მიშელინის” მიერ, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებადაა აღიარებული. იტალია საკონდიტრო ნაწარმისა და დესერტების ხელოვნებაშიც ლიდერობს.
იაპონია - 393
იაპონიაში კულინარიული ოსტატობა და ტრადიციისადმი პატივისცემა ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ქვეყანას მიშელინის 393 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული, რაც მას რეიტინგში მესამე ადგილზე აქცევს. გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს დედაქალაქი ტოკიო, სადაც მაღალხარისხიან კერძებს ხელმისაწვდომ ფასებად უფრო და უფრო მეტი რესტორანი გვთავაზობს. იაპონია “მიშელინის” მიერ ეკომეგობრულობისა და პასუხისმგებლიანი მომარაგების კომპონენტებითაცაა აღიარებული.
გერმანია - 340
დახვეწილი კულინარიის სამყაროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გერმანიაც თავისი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კლასიკური სიზუსტის შერწყმით. გერმანიის კულინარიული ცენტრები ბერლინისა და მიუნხენის მიღმაა დარჩენილი, გამორჩეული რესტორნები პატარა ქალაქებსა და რეგიონებშია განლაგებული. ამომავალი ვარსკვლავის ტიტულებს კი ახალგაზრდა შეფმზარეულები იმსახურებენ, რომლებიც აღიარებას თამამი კულინარიული გადაწყვეტილებების გამო იღებენ. გერმანიაში მიშელინის ვარსკვლავი 340 რესტორანს აქვს მინიჭებული.
ესპანეთი - 291
გამორჩეული კულინარიული მიმართულებების ხუთეულს ესპანეთი ხურავს. მიშელინის ვარსკლავლავიანი 291 რესტორნით, ესპანეთის კულინარიული სცენა აყვავებულია - არა მხოლოდ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა მადრიდი და ბარსელონა, არამედ ისეთ განვითარებად რეგიონებშიც, როგორებიც არაგონი და კანარის კუნძულები არიან. ესპანეთში მზარდია ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის მქონე რესტორნების რაოდენობაც.




























