რიგაში მდებარე ქართული რესტორანი "სახლი" (Sakhli) მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული გზამკვლევის - MICHELIN Guide Latvia 2027-ის მთავარ სელექციაში მოხვდა.
ამასთანავე, რესტორანმა მიშელინის სპეციალური ჯილდო - Opening of the Year Award (წლის გახსნა) მოიპოვა, რომელიც მის დამფუძნებელს/შეფს, ვეკო ცუხიშვილს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ვეკო ცუხიშვილი პირველი ქართველი ქალი შეფია, რომლის კულინარიული შემოქმედებაც Michelin-ის გზამკვლევმა ოფიციალურად აღიარა. რესტორნის წარმატების უკან ასევე დგას ბრენდ-შეფი ირკა ქელეხსაშვილი, რომელმაც ლატვიის დედაქალაქში საკუთარი კრეატიული ხედვა და მდიდარი კულინარიული გამოცდილება ჩაიტანა.
რესტორნის ბრენდ-შეფმა და კონცეფციის ავტორმა, ირკა ქელეხსაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განვლილი გზა, რესტორნის ფილოსოფია და სამომავლო გამოწვევები შეაფასა. მისი თქმით, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის მოკლე დროა, რომელშიც გუნდმა საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა შეძლო:
"ეს აღიარება განსაკუთრებულად სასიხარულო და მნიშვნელოვანი პროფესიული მოვლენაა. თუმცა, ვფიქრობ, მისი მნიშვნელობა ერთი რესტორნის წარმატებას სცდება - ეს ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯია. MICHELIN Guide-ში მოხვედრა ნიშნავს, რომ რესტორანმა გლობალური გასტრონომიული სივრცის პროფესიული ყურადღება მიიპყრო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ "Sakhli" გახსნიდან სულ რაღაც ორ თვეში მოხვდა გზამკვლევის შერჩევაში, ხოლო შეფმა ვეკო ცუხიშვილმა "Opening of the Year"-ის სპეციალური ჯილდო მიიღო. ეს არის როგორც მისი პროფესიონალიზმის, ისე მთელი გუნდის დაუღალავი შრომისა და ერთობლივი ძალისხმევის აღიარება", - აღნიშნავს ქელეხსაშვილი.
ბრენდ-შეფი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისას ქართული სამზარეულოს გამარტივება და უცხოელი მომხმარებლის გემოვნებაზე მორგება შეცდომაა - მთავარი გამოწვევა ავთენტიკურობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე ენით გადმოცემაა:
"ქართული სამზარეულო მდიდარია რეგიონული მრავალფეროვნებით, უნიკალური პროდუქტებით, ტექნიკებით, გემოებითა და სტუმართმოყვარეობის კულტურით. დღეს ჩვენი გამოწვევა მხოლოდ ამ ტრადიციების შენარჩუნება კი არა, მათი თანამედროვე ფორმით წარმოჩენაცაა. ჩემი აზრით, ქართული სამზარეულოს საერთაშორისო წარმატება არ უნდა ნიშნავდეს მის გამარტივებას ან უცხოელი სტუმრის გემოვნებაზე მორგებას. პირიქით, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ავთენტიკურობა და, ამავე დროს, ვიპოვოთ გამოხატვის თანამედროვე ფორმები.
სწორედ ამ პრინციპით შევქმენი "Sakhli"-ს კულინარიული კონცეფცია: მიზანი იყო, ქართული გემოები და ტრადიციები თანამედროვე რესტორნის გამოცდილებაში გამეერთიანებინა და სტუმრისთვის არა მხოლოდ კერძები, არამედ ქართული კულტურა და სტუმართმოყვარეობაც გამეცნო. ამ იდეის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა SALT.O-ს გუნდმა".
ირკა ქელეხსაშვილის შეფასებით, მიღწეული აღიარება მხოლოდ დასაწყისია, ხოლო ქართული გასტრონომიის გლობალური განვითარებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მეტი ძლიერი პროექტია საჭირო.
"ასეთი პროექტები ზრდის ქართული სამზარეულოს საერთაშორისო ხილვადობას, აძლიერებს ქართველი შეფებისა და გასტრონომიული გუნდების პროფესიულ შესაძლებლობებს და ქმნის ახალ ინტერესს ჩვენი პროდუქტებისა და კულტურის მიმართ. ამასთან, საერთაშორისო აღიარება მხოლოდ დასაწყისია - მთავარი გამოწვევა მიღწეული ხარისხის ყოველდღიურად შენარჩუნება და განვითარებაა.
მჯერა, რომ ქართული გასტრონომიის წარმატება ცალკეული შემთხვევებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს: გვჭირდება მეტი ძლიერი ქართული რესტორანი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და მეტი პროფესიული თანამშრომლობა. "Sakhli"-ს აღიარება ჩემთვის ამის კარგი მაგალითი და იმედია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნავს ირკა ქელეხსაშვილი BM.GE-სთან.
რას წერს Michelin-ის გზამკვლევი "სახლზე"?
Michelin-ის ინსპექტორებმა რესტორნის სტუმართმოყვარეობა, თბილი გარემო და ავთენტიკური ქართული სამზარეულო განსაკუთრებულად გამოარჩიეს:
"SAKHLI ისეთი რესტორანია, რომელიც პირველივე ნახვით მოგხიბლავთ. აქ თბილი და სტუმართმოყვარე გარემო სუფევს - დიდწილად გულისხმიერი პერსონალის დამსახურებით, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, სტუმარი ასიამოვნოს.
მათ, ვინც ქართულ სამზარეულოს პირველად ეცნობა, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ: მომსახურე გუნდი სიამოვნებით გაუძღვება მათ ავთენტიკური კერძებით მდიდარ მენიუში - ხინკლიდან დაწყებული, თაფლით შეზავებული მოხარშული ხორბლის დესერტით, კოლიოთი დამთავრებული", - ნათქვამია გზამკვლევის შეფასებაში.
Michelin-ის გზამკვლევი ლატვიაში: 2027 წლის შედეგები
MICHELIN Guide-მა ლატვიის რიგით მეოთხე სელექცია წარადგინა. ინსპექტორების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ერთწლიანი შეფასებების შედეგად, გზამკვლევს წელს, "სახლთან" ერთად, 11 ახალი ობიექტი დაემატა.
ჯამში, MICHELIN Guide Latvia 2027-ის რეკომენდაციით სიაში 35 რესტორანია შეყვანილი:
- 2 რესტორანი - Michelin-ის ერთი ვარსკვლავით;
- 7 რესტორანი - Bib Gourmand-ის სტატუსით (გამორჩეული ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად);
- 26 რესტორანი - გზამკვლევის მთავარ სელექციაში (მათ შორის 10 ახალი ობიექტი, რომელთა შორისაა "სახლიც").
მიშელინის გზამკვლევის სელექციაში მოხვედრა თავისთავად უმაღლესი კულინარიული ხარისხის აღიარებაა. ინსპექტორები ობიექტებს 5 უნივერსალური კრიტერიუმით აფასებენ: ინგრედიენტების ხარისხი, გემოების ჰარმონია, ტექნიკის ოსტატობა, შეფის ინდივიდუალიზმი და ხარისხის სტაბილურობა დროთა განმავლობაში.
ქართული გასტრონომიისთვის საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ეს წარმატება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულ კულინარიულ კულტურას გლობალურ ბაზარზე უმაღლესი დონის კონკურენციის გაწევა შეუძლია.
























