მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიგაში ქართული რესტორანი "სახლი" წარმატებით ოპერირებს – რა გამოწვევებს აწყდება გუნდი

რესტორანი სახლი

რიგაში ქართული რესტორანი „სახლი“, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა, გამოჩნდა, წარმატებით ოპერირებს. როგორც რესტორნის ბრენდ-შეფი ირკა ქელეხსაშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" ამბობს, გუნდის მთავარი ამოცანა ქართული კერძების თანამედროვე ფორმით წარდგენაა ავთენტიკური გემოს შენარჩუნებით.

ბრენდ-შეფის ინფორმაციით, რესტორნის გახსნის იდეა გაზაფხულზე გაჩნდა, როდესაც რიგიდან ქართული სტუმართმოყვარეობისა და ტრადიციული სამზარეულოს თანამედროვე ხედვით წარმოჩენაზე ორიენტირებული სივრცის შექმნის შეთავაზებით დაუკავშირდნენ.

„მნიშვნელოვანია, ქართული სამზარეულოს წარდგენისას შეინარჩუნო გემო და კულტურული იდენტობა, მაგრამ ამ ყველაფერს მოუძებნო გამოხატვის თანამედროვე ფორმა. ტრადიცია არ უნდა გახდეს ჩარჩო, რომელსაც ვერ გავცდებით. პირიქით, ამ ყველაფერზე შეგვიძლია, რაღაც ახალი დავაშენოთ“, - ამბობს ირკა ქელეხსაშვილი.

მისივე განმარტებით, მენიუში ტრადიციული კერძების გარდა, საავტორო პოზიციებიც არის, მათ შორის - კოლიო (წანდილი). კერძების თანამედროვე ფორმით წარდგენის მიუხედავად, გუნდი მათი ძირითადი გემოსა და არსის შეცვლას არ ცდილობს.

„თავიდანვე მოთხოვნა იყო, გემოები ყოფილიყო ტრადიციული და მაქსიმალურად ნაკლებად ჩავრეულიყავით კონკრეტულად გემოში. ამასთან, კონცეპტუალურად ეს უნდა ყოფილიყო თანამედროვე, ვიზუალურად ევროპული ბაზრისთვის ამოსაცნობი და მისაღები. კერძს რომ დააგემოვნებ, უნდა მიხვდე, რას მიირთმევ. არ ვფიქრობ, რომ ქართული სამზარეულო იმსახურებს თავისი კერძების მთავარი არსის შეცვლას“, - განმარტავს ბრენდ-შეფი.

რესტორნის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რიგაში ქართული პროდუქციის მოძიება და საჭირო ხარისხით ხელმისაწვდომობა იყო. ქელეხსაშვილის თქმით, გარკვეული ინგრედიენტების საქართველოდან ჩატანა მოხერხდა, თუმცა სხვა პროდუქტების შემთხვევაში გუნდს ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებზე მორგება და მათი იმგვარად გამოყენება დასჭირდა, რომ კერძებში ქართული გემო შეენარჩუნებინა.

„ყველა ქართულ რესტორანს ალბათ, ერთი სირთულე აქვს - ადგილობრივ ბაზარზე არსებული პროდუქტების ხელმისაწვდომობა. ყველაზე დიდი დრო გახსნისას სწორედ ამან წაიღო. შევეცადეთ, ადგილობრივი პროდუქტი სხვაგვარად გამოგვეყენებინა, რომ ქართული გემოსთვის მიგვეახლოებინა. ალბათ, ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ეს იყო“, - ამბობს ბრენდ-შეფი.

გამოწვევებს შორისაა ადგილობრივი თანამშრომლებისთვის ქართული სამზარეულოს სპეციფიკისა და გემოების გაცნობაც. ქელეხსაშვილის შეფასებით, ამ პროცესში ქართველი შეფის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა კერძების ხარისხი და კულინარიული იდენტობა შენარჩუნდეს.

„ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც რესტორანმა მიიღო, ქართველი შეფის ყოლა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოოდ სწორედ ეს ადამიანია პასუხისმგებელი ხარისხზე. მიმაჩნია, რომ ქართულ რესტორანში მინიმუმ, შეფმზარეული აუცილებლად ქართველი უნდა იყოს“, - აცხადებს ქელეხსაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რესტორნის გუნდი ქართული კულინარიული იდენტობის საერთაშორისო ბაზრებზე უფრო ფართოდ წარმოჩენასა და საქმიანობის განვითარებას გეგმავს. თუმცა კონკრეტული პროექტების შესახებ ბრენდ-შეფი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები