ახალი წლის დადგომასთან ერთად, ქართული კომპანიები სიახლეებს აანონსებენ. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც 2024 წელი სიახლით დაიწყო - უმსხვილესი ქართული ონლაინმაღაზია Extra-ა, რომელმაც სწრაფი ვაჭრობის, ე.წ. “Q-Commerce-ის” მოდული - “ექსტრა ექსპრესი” გაუშვა. როგორც Extra-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში განაცხადა, “ექსტრა ექსპრესის” სერვისის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი პროდუქციას 35-დან 50 წუთამდე შუალედში მიიღებს.
“2023 წელს, Extra-სთვის დიდი ნიშანსვეტი ონლაინმაღაზია MOITANE.GE-ის შესყიდვა იყო, რამაც ჩვენი ბიზნესი რამდენიმე მიმართულებით გააუმჯობესა. მომხმარებლებს პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი შევთავაზეთ, მათთან უფრო მეტი შეხების წერტილი ვიპოვეთ და მივხვდით, რომ კონკრეტული პროდუქტები მათ უფრო სწრაფად სჭირდებოდათ. საპირწონედ ამისა, მომხმარებელს ახალი მომსახურება - “ექსტრა ექსპრესი” შევთავაზეთ.
ეს სერვისი ექსტრა სისწრაფით გამოირჩევა, რადგან ამ სერვისით 35-დან 50 წუთამდე შუალედში მიიღებთ ექვსი კატეგორიის პროდუქტებს, ესენია: მარკეტი, თავის მოვლა, სათამაშოები, მშობელი და ბავშვი, ცხოველთა მოვლა და ელექტრონიკა”, - განაცხადა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.
Extra-ს მარკეტინგის ხელმძღვანელის განცხადებით, “ექსტრა ექსპრესის” გამართულად ფუნქციონირებისთვის და ამანათების დროულად მიტანისთვის, კომპანია თბილისში და ბათუმში, რამდენიმე ადგილას განლაგებულ სპეციალურ სივრცეებს იყენებს.
“ექსტრა ექსპრესის” დიდი პლუსია, რომ შეგიძლიათ ვაშლი და დამტენი ან ტელეფონი ერთად გამოიძახოთ. ამისთვის, თბილისსა და ბათუმში რამდენიმე სპეციალურად მოწყობილი სივრცე გვაქვს, სადაც პროდუქტებს ვინახავთ”, - აღნიშნა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.