მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ კომპანია "ბინარეას" დამფუძნებელმა ირმა ელბაქიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, გააქტიურებულია ის მომხმარებლებიც, რომლებიც გასულ 2024 წელს ქვეყანაში არსებული დაძაბულობის გამო მიწის ყიდვისგან თავს იკავებდნენ.
„2024 წელი დაძაბულობებით იმდენად იყო სავსე, რომ მყიდველიც და ინვესტორიც ჩერდებოდა, მოვლენების განვითარებას ელოდებოდა. ახლა კი, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი უცხოელი ინვესტორია შემოსული, ჩვენთან მოდის ბევრი მოთხოვნა საინვესტიციო და სამოსახლო მიწებზეც. საქართველოს მოსახლეობაც აქტიურად გვიკავშირდება იქიდან გამომდინარე, რომ მარტის ბოლოდან ყოველთვის ველოდებით ხოლმე გააქტიურებას, თუმცა, ვინც მანამდე თავი შეიკავა და რაღაცას ელოდებოდა, ისიც გააქტიურებულია და ახალი ნაკადიც შემოსულია. დღეს მიწის ნაკვეთის ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა ირმა ელბაქიძემ.
მისივე თქმით, ამჟამინდელი ტენდენციით, უცხოელების ერთი ნაწილი ყიდის მიწებს, თუმცა მათ ახალი ქვეყნებიდან შემოსულები ანაცვლებენ.
„გვაქვს ასეთი შემთხვევები, როცა მიწას ყიდის უცხოელი, რომელიც წლების წინ შემოვიდა, იყიდა, გეგმები ჰქონდა, რომელიც ვერ განახორციელა და ახლა ყიდის, ამას აბალანსებს ახალი ქვეყნებიდან შემოსულები, რომლებიც ყიდულობენ“, - აღნიშნა მან.
როგორც "ბინარეას" დამფუძნებელმა განაცხადა, ძირითადად აქტიურობს აზია.
„ევროპელი ინვესტორი ფრთხილობს, განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან თავშეკავებულები და ძირითადად დაკვირვების რეჟიმში არიან. იყო შემთხვევები, როცა ინტერესი იყო, მაგრამ შეფერხდნენ და არ გადადგეს ნაბიჯი. აზიის ქვეყნებიდან კი ინტერესი მატულობს და მეტი და მეტი ჩამოდის. სხვათა შორის გააქტიურებულია ჩინეთი და ბოლო დროს იაპონიაც.
ჩინელების მხრიდან თბილისის შემოგარენში და მეტწილად საწარმოო და სასტუმროების მიწებზეა მოთხოვნა. ჩვენს შემთხვევაში, ძირითადად, ეს მოთხოვნა შემოდიოდა. უკვე კონკრეტული გარიგებებიც არის და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ირმა ელბაქიძე ამბობს, რომ ისინი საწარმოო მიწების შესყიდვით არიან დაინტერესებული. „ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის განვითარება მაინც მიმდინარეობს, მიუხედავად არსებული მოვლენებისა, ბაზარზე გამოცოცხლება შეინიშნება“, - დასძინა მან.