საცალო ქსელებში კონკურენცია მკაცრია, თუმცა მიწოდების ჯაჭვში მონოპოლისტური რგოლებია - ამის შესახებ „ორი ნაბიჯის“ დირექტორი არჩილ მელიქაძე მოსალოდნელ რეგულაციებზე საუბრისას BMG-სთან აცხადებს.
მისი თქმით, დეტალური წესები, თუ რას გეგმავს პარლამენტი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, სისტემის გამჭვირვალობის იდეას მხარს უჭერს.
„ბიზნესისთვის რეგულაციები ცუდია, თუმცა, ნებისმიერი რეგულაცია, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას - რაც სიკეთეა მომხმარებლებისთვის, მისაღებია ბიზნესისთვის. ჯერჯერობით არ ვიცით, რა წესებია. უბრალოდ თქვეს, რომ უნდათ, რომ უფრო გამჭვირვალე სისტემა იყოს. გამჭვირვალე სისტემას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და როცა კონკურენტული წესები იქნება, მერე შეგვიძლია ჩვენი აზრი ჩამოვაყალიბოთ“, - ამბობს მელიქაძე BMG-სთან.
მისი თქმით, სექტორში კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ლიდერ კომპანიებსაც კი ბაზრის მცირე წილი უჭირავთ.
“საცალო ქსელების მხარეს, კონკურენცია არის ძალიან მკაცრი. ჩვენ „ორ ნაბიჯს“ წარმოვადგენთ, ყველაზე დიდი ქსელი ვართ და ჩვენ გვიჭირავს საერთო ბაზრის 8 პროცენტი. ანუ ჩვენ კი ვართ ყველაზე დიდი, მაგრამ პატარები ვართ. ასე რომ, ბაზარზე კონკურენცია ძალიან ძლიერია“, - ამბობს მელიქაძე.
მისივე თქმით, ყველაზე მწვავე საკითხად პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში არსებული ვითარებაა, რადგან, ფასების ზრდას არა საცალო ქსელები, არამედ დისტრიბუციის რგოლში არსებული მონოპოლიები განაპირობებენ.
„მიწოდების ჯაჭვში არის მონოპოლისტური რგოლები, რომლებიც ხელოვნურად ზრდიან ფასს, რის შესახებაც კომისიას ვამცნეთ. როდესაც მონოპოლური მოთამაშეები ბაზარზე არიან, როგორც წესი, მათი სახელმწიფო რეგულაცია ფასებს აკლებს ხოლმე. მაგრამ რეგულაციას გააჩნია - დეტალებს სანამ ვერ გავიგებთ, აზრი არ გვაქვს ჩამოყალიბებული.
ჩვენ მზად ვართ, ფასის შემცირების მიზნით ნებისმიერი კარგი პირობა მივცეთ ჩვენს მიმწოდებელს, ოღონდ [მოწოდების] ფასი დააკლონ“, - ამბობს “ორი ნაბიჯის” გენერალური დირექტორი.
ფასების შემსწავლელ საპრალმენტო კომისიაზე აღინიშნა, რომ გარკვეული სტანდარტების შემოღება იგეგმება, რომლებიც სავაჭრო ქსელებსა და მომწოდებლებს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს. კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ბაზარზე ფასების ასიმეტრია არსებობს, ხოლო, მსხვილ სავაჭრო ქსელებსა და მომწოდებლებს შორის არსებული დისბალანსი პირდაპირ აისახება პროდუქციის საბოლოო ფასზე.
“ჩვენი მიზანია, რომ რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ სექტორის, ისე რომ ეს იყოს სამართლიანი ჯაჭვში მონაწილე ყველა რგოლისთვის და არსებობდეს ზედამხედველობის და მონიტორინგის საშუალება. ეს საერთო ჯამში მიგვიყვანს იქ, რომ გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გასაგებს, უფრო გამჭვირვალეს გახდის - ყველას გვინდა, რომ გამჭვირვალე იყოს - და საერთო ჯამში დადებითად აისახება კონკურენციაზე” - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.




























