იაპონურმა Mitsubishi-მ ავსტრალიის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ავსტრალიის სამეფო ფლოტისათვის მრავალფუნქციური 3 საბრძოლო გემის დამზადებას მოიცავს.
აღნიშნული შეთანხმებისთვის Mitsubishi Heavy Industries-ს კონკურენციას გერმანული Thyssenkrupp უწევდა. საგულისხმოა, რომ ეს სამხედრო წარმოების შესახებ პირველი შეთანხმებაა, მას შემდეგ რაც იაპონელებმა 2014 წელს საექსპორტო შეზღუდვის შესახებ კანონი გააუქმეს. შეგახსენებთ, რომ იაპონიის პაციფისტური კონსტიტუციის გამო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწერა, ქვეყანას აკრძალული აქვს ომის წარმოება, ისევე როგორც თავდასხმითი შესაძლებლობების მქონე შეიარაღებული ძალების ყოლა.
ავსტრალიის მთავრობის მიერ თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდის გადაწყვეტილება ოფიციალური კანბერას სურვილს უკავშირდება, კრიტიკული საზღვაო-სავაჭრო მარშრუტები დაიცვას, ისევე როგორც გაზარდოს სამხედრო აქტივობა ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში, რაც გაზრდილი ჩინური გავლენებისა და საფრთხის საპირწონედ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ოფიციალური ტოკიოს პოზიციას, იაპონელების მიერ სამხედრო სექტორში გააქტიურება მიზნად ისახავს ქვეყნის აშშ-ის გარდა სხვა დასავლურ დემოკრატიებთან დაახლოებასა და კავშირების გაძლიერებას, რაც ასევე რეგიონში მზარდი ჩინურ ინტერესებთან დაპირისპირებას ითვალისწინებს.




























