არაფორმალური განათლების სივრცე re:school აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეფექტი, მათ სექტორზე უკვე აისახა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი სალომე მგელაძე BM.GE-სთან საუბრობს.
მისი ინფორმაციით, კომპანიისთვის წელი წარმატებულად დაიწყო და კურსებზე 300-ზე მეტი სტუდენტი მიიღეს. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ მომხმარებლებს გადახდასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
„2024 წელი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. ჩვენს კურსებზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. 300-ზე მეტი სტუდენტი მივიღეთ. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს გადახდასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გაუჩინა. ბევრს ფასდაკლება გავუკეთეთ, ნაწილი უფასოდ აგრძელებს სწავლას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი ვართ, ყველას სწავლებას უფასოდ ვერ მოვახერხებთ. ჩვენი სფერო განათლებაა და ამ სფეროს უფრო გვიან ეტყობა ხოლმე ეკონომიკური კრიზისი, ვიდრე სხვა სფეროებს. მიუხედავად ამისა, რე:სქულზეც აისახა უკვე. როგორც აღვნიშნე, ძალიან უჭირთ ადამიანებს გადასახადების გადახდა.
ჯერ კიდევ ნოემბერი - დეკემბერში გვინდოდა ახალი ჯგუფების დამატება. როგორც იცით, ტექნოლოგიურ განათლებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ გადავავადეთ ახალი ჯგუფების მიღება. თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, როგორი რეალობა იქნება და რამდენად იქნება მომხმარებელი გადახდის უნარიანი. ამიტომ, შორეულ გეგმებს ვერ ვაწყობთ. ახლა იმ სტუდენტების შეკავებას და შენარჩუნებაზე ვფიქრობთ, ვინც უკვე სწავლობენ და ეკონომიკურ სიდუხჭირეშია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო“, - ამბობს სალომე მგელაძე.