"ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პაბლო კირნოსს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურების აუცილებლობას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული კოორდინაცია.
მაკა ბოჭორიშვილმა არგენტინულ მხარეს მადლობა გადაუხადა გაეროს ფარგლებში საქართველოს მიერ ინიციირებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.
საქსტატის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2025 წელს 17.4 მლნ აშშ დოლარამდე 35%-ით შემცირდა. აქედან 16.7 მლნ აშშ დოლარი იმპორტია.
არგენტინიდან გასულ წელს ნაყიდი სასაქონლო ჯგუფები კი შემდეგია:
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას — 8.3 მლნ აშშ დოლარი;
- ნაღების კარაქი, რძის სხვა ცხიმები და პასტები — 5.9 მლნ აშშ დოლარი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები — 3.0 მლნ აშშ დოლარი;
- გაყინული თევზი — 644.8 ათასი აშშ დოლარი;
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცი — 366.2 ათასი აშშ დოლარი;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები — 314.4 ათასი აშშ დოლარი.
სამინისტროს ცნობით, 2026 წლის 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუსაც შეხვდა.



























