მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა

კონფერენცია

გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა.

ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც აერთიანებს სამხედრო ლიდერებს და თავდაცვის ინდუსტრიას, კონფერენციის პრეზიდენტმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა. მისი თქმით, პუტინმა გაანადგურა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ მოუწევთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბარი.

გახსნაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის პრეზიდენტი. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ კონფერენცია გერმანიისთვის, რომელიც მალე ახალ პარლამენტს აირჩევს, გადამწყვეტ დროს მიმდინარეობდა.

"ნება მომეცით სრულიად მკაფიოდ ვიყო, ევროპა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჩვენს პოლიტიკაში და ამას გააგრძელებს. როგორც არ უნდა იყოს მისი შემადგენლობა, მომავალმა ფედერალურმა მთავრობამ უნდა წარმართოს თავისი სამუშაო ისე, რომ პატივი სცეს და ხელი შეუწყოს ევროპის ერთიანობას", - განაცხადა შტაინმაიერმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში ომზე. მისი თქმით, უბრალო სამშვიდობო შეთანხმება, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, დაასუსტებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მის დასავლელ მოკავშირეებსაც. მან ხაზი გაუსვა უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროპისა და შეერთებული შტატებისგან.

ცნობისთვის, გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელმაც სტარტი დღეს აიღო 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. კონფერენციაზე მსოფლიოს ასობით ლიდერი და დელეგატი იყრის თავს.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი ფოკუსი გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები იქნება, მათ შორის რეგიონული კონფლიქტების და კრიზისების ჭრილში. სამიტის მეორე დღე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკითხებს დაეთმობა, ბოლოს კი დისკუსია გაიმართება მსოფლიოში ევროპის როლზე.

კონფერენციის პროგრამის თანახმად, 14 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებებს შორის არის დაგეგმილი პანელური დისკუსია Spotlight Georgia, რომელზეც სიტყვით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები