საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. როგორც მან დღეს, ახალ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიწვევა მიიღო და ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც შეხვედრებსაც გამართავს. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.
"მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. არის ინაუგურაციაზე მოწვევის სხვადასხვა ვარიანტი, რომელშიც სხვათა შორის ფულს არავინ იხდის...
ამის საშუალება რომ ყოფილიყო [ფულის გადახდის], სხვებს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი აქვთ, რომ ეს თანხა გადაიხადონ. ეს ხუმრობა გვერდზე გადავდოთ. მთავარი არის ის, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან", - ამბობს ზურაბიშვილი.




























