მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მივედი იმ აზრამდე, რომ არ იქნება სწორი, BAG-მ განცხადება გააკეთოს" - ინტერვიუ ზურაბ ლალაზაშვილთან

ლალაზაშვილი

კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის აზრით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG)-მა პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს.

საქმე ის არის, რომ როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, 20 იანვარს BAG-ის სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით BAG-ის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება-არდაფიქსირების საკითხი იყო. ჩვენი ინფორმაციით, იმ კომპანიების ხელმძღვანელებმაც, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მიმართ, განაცხადეს, რომ BAG-მ საჯარო პოზიცია არ უნდა გამოხატოს.

მათ შორის ერთ-ერთი იყო BDO-ს მმართველი ზურაბ ლალაზაშვილი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად BDO პლატფორმა freebusiness.ge-ის მოთხოვნებს უერთდება და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნა და პატიმრების გათავისუფლებაა.

ზურაბ ლალაზაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ თავდაპირველად ისიც მიიჩნევდა, რომ BAG-ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა, მაგრამ ბევრ ბიზნესმენთან, მათ შორის BAG-ის წევრებთან დისკუსიის შედეგად, აზრი შეიცვალა, რადგან BAG ლობისტური ორგანიზაციაა და მთავარი მიზანი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესის დაცვაა.

- მეც მივედი იმ აზრამდე, რომ არ იქნება სწორი, BAG-მა განცხადება გააკეთოს.

- რატომ?

- BAG-ის მიზანია, საკუთარი წევრების ინტერესის დაცვა ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე. შესაბამისად, BAG-ის წევრების ინტერესია, ხელისუფლებასთან არ იყოს საჯარო დაპირისპირების და პოლემიკის რეჟიმში, თორემ დახურულ ფორმატში მწვავე საუბრები და დისკუსია სწორია. საჯაროდ კი ამ ყველაფრის გამოტანა, ამ ხალხს მხარეებად აქცევს და შემდეგ წევრების ინტერესების დაცვა არ გამოდის... მით უმეტეს 130 თუ მეტი წევრია ორგანიზაციაში და არ არსებობს დღეს საშუალება და პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, 130 კომპანია შეჯერდეს ისეთ განცხადებაზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

- „აუცილებელია საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და სტრატეგიულ პარტნიორებთან არ გაფუჭდეს ურთიერთობა“ - ამ საკითხშიც განსხვავებულია BAG-ის წევრების პოზიცია?

- პირობითად, იმის თქმა, რომ „საქართველო გვიყვარს“ - ასეთი განცხადება რელევანტური ვერ იქნება, თორემ ამაზე ყველა თანახმა იქნება, ხოლო ის, რაზედაც შეიძლება წევრები შევთანხმდეთ, არ იქნება რელევანტური.

- რა საკითხზე ვერ თანხმდებით, რაც ართულებს BAG-ის მიერ პოზიციის დაფიქსირებას?

- 130 კაცის სახელით ვერ ვისაუბრებ... ჩემი საჯარო პოზიცია ყველასთვის ცნობილია, [BDO Freebusiness.ge-ის პლატფორმის მოთხოვნებს შეუერთდა] მაგრამ BAG-ში ვერ შევთანხმდებით საჯარო განცხადებაზე, რომელმაც შეიძლება მიზანს მიაღწიოს და თუ განცხადება არ იქნება ისეთი კატეგორიული, როგორც freebusiness-ზე გამოქვეყნდა, მე როგორც ერთი წევრი, არ დავუჭერდი მხარს. თუ BAG გააკეთებს განცხადებას, ის უნდა იყოს კონკრეტული მოთხოვნით. მეორე მხრივ, BAG-მა ასეთი განცხადება რომც გააკეთოს, ჩავთვალოთ, რომ დისკუსიის ფორმატი თუ საშუალება [ხელისუფლებასთან] იკეტება. ამდენად, BAG-ის წევრების ნაწილის წინააღმდეგ მოვა ასეთი განცხადება...

- და თუ „ოცნების“ ქმედებები მთელი ბიზნესის და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოდის, როდემდე უნდა იყოს BAG ჩუმად?

- პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ ინდივიდუალურად. შევიკრიბოთ 5 ან 10 კაცი... გვაქვს freebusiness.ge-ის ფორმატი...

- BAG-ის გარდა, თითქმის ყველა ბიზნესასოციაციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და ანუ მათ „ოცნების“ მთავრობასთან კომუნიკაციისთვის საჭირო „ხიდები დაწვეს“?

- ბევრი ასოციაციის წევრი ვარ. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ თავად მასშტაბი და გავლენა ეკონომიკაზე BAG-ს რაც აქვს, არის ბევრად სხვა....

- მესმის და ამიტომაც არის მაღალი ინტერესი BAG-ის მიმართ...

- დიახ და როგორც უკვე ვთქვი, თავიდან მეც ვიყავი იმ განწყობაზე, რომ განცხადება უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ახლა, როგორც ერთ წევრს, მყარად მჯერა, რომ BAG-ის სახელით ისეთი განცხადება ვერ გაკეთდება, რომ შედეგის მომტანი იყოს და სხვა შემთხვევაში, უხერხემლო და არაფრის მომტანი განცხადების გაკეთებას, აზრი არ აქვს. მეორე მხრივ, რადგან თავისი შინაარსით BAG ლობისტური ორგანიზაციაა და წევრების ინტერესის დასაცავად არის შექმნილი, შესაბამისად, ამ ინტერესთან მოვა წინააღმდეგობაში.

- წევრების ინტერესს არ წარმოადგენს, დაარწმუნოს მმართველი პარტია, რა რისკების წინაშეა ქვეყნის ეკონომიკა, თუ პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტა?

- დიახ, მაგრამ - ნაწილის, [ყველა ერთ აზრზე არაა]…

- მოკლედ, მთავარი ფაქტორი, რატომაც მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ სჯობს, BAG-მა პოზიცია არ დააფიქსიროს არის ის, რომ BAG ლობისტური ორგანიზაციაა თუ “უხერხემლო განცხადებას” სჯობს, საერთოდ არაფერი თქვას?... სავარაუდო განცხადების ტექსტი ნახეთ და არ მოგეწონათ?

- განცხადების ტექსტი არ მქონია, მაგრამ პრინციპია ის, რომ BAG თავისი წევრების ინტერესების დამცველია. ისეთი განცხადების მომზადება, რომელიც ყველა წევრისთვის მისაღები იქნება, შეუძლებელია, რადგან ის არის განსხვავებული ადამიანების და ბიზნესების ერთობა - ეს არის პირველი ფაქტორი. მეორე მხრივ, განცხადებას უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ რაღაცას მიაღწევს, ამიტომ მხოლოდ განცხადება განცხადებისთვის, პირადად ჩემთვის, როგორ BAG-ის წევრისთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იქნებოდა. Freebusiness.ge-ის პლატფორმა რატომაც მომწონს, ის არის, რომ ისაა ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობა, საერთო მიზნის მისაღწევად და ვისაც უნდა, შემოუერთდება. BAG ახლა რომ იქმნებოდეს ან შექმნილიყო რაღაც საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისთვის, მაშინ განცხადებაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ დღეს BAG აერთიანებს სხვადასხვა პოზიციის ადამიანებს, თავისი ინტერესების დასაცავად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები