GM Pharma-ს წარმომადგენელმა გიორგი რამიშვილმა მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვისას განაცხადა, რომ კომპანია რეცეპტული მედიკამენტების 100%-ზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელის გავრცელებას მიესალმება. ამის შესახებ მან "ფასების საპარლამენტო კომიტეტზე" დეპუტატ ზაზა ლომინაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ზაზა ლომინაძე დაინტერესდა, თუ რა მიმართულებით ზრდის კომპანია წარმოებას - იმ მედიკამენტების მიმართულებით, რომლებიც უკვე შედის რეფერენტულ სიაში, თუ იმ პროდუქტებზე, რომლებიც სიაში არ არის. ამასთან, მან იკითხა, როგორ აისახა რეფერენტული ფასების დაწესება კომპანიის საქმიანობაზე, მოუწიათ თუ არა ფასების დაკლება და შექმნა თუ არა ამან რაიმე პრობლემა წარმოებისთვის. ასევე, მისი კითხვა შეეხებოდა იმასაც, თუ რა შედეგი ექნებოდა კომპანიისთვის იმ შემთხვევაში, თუ GM Pharma-ს მიერ წარმოებული ყველა მედიკამენტი სრულად მოექცეოდა რეფერენტულ ჩამონათვალში.
გიორგი რამიშვილის განცხადებით, მსგავსი ცვლილება კომპანიას პრობლემას არ შეუქმნის. მან აქვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით 70%-მდეა განსაზღვრული, თუმცა დისკუსიის საგანი შეიძლება იყოს როგორც მეთოდოლოგია, ისე იმ ქვეყნების შერჩევა, რომელთა ფასებსაც საქართველო ეყრდნობა.
„სახელმწიფომ მედიკამენტებზე ფასი 70%-მდე განსაზღვრა, მაგრამ მეთოდოლოგიაზე შეიძლება ფიქრი, საუბარი. შეიძლება ქვეყნების შერჩევაზე ლაპარაკი. როგორც ცოტა ხნის წინ ვახსენე, სლოვენია ერთ-ერთი მშვენიერი ქვეყანაა. თუმცა, ფაქტია თუ 100%-ით დაიფარება, ჩვენ ამას მივესალმებით. აქედან, დაახლოებით 20% ონკოლოგიური მედიკამენტებია და 7-10% არის მალამოები, სანთლები, ისეთი მედიკამენტები რომლებიც ზოგ ქვეყანაში არ არის რეცეპტულად და ჩვენ ქვეყანაში არის რეცეპტულად. რა ვიცი, მანდაც თუ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ფასების რეგულირება და დაყენება, ჩვენი მხრიდან ბაზარი ვამბობთ რომ მოერგება“, - თქვა მან.
გიორგი რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული მედიკამენტების წარმოება კომპანიამ შეწყვიტა, რადგან დადგენილ ფასებში მათი წარმოება აღარ იყო შესაძლებელი. თუმცა მისივე თქმით, კომპანია უფრო იაფი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს, რათა ფასებში ჩაეტიოს.
გიორგი რამიშვილის აზრით, ადგილობრივი მწარმოებლისთვის ფასის შემცირების ერთ-ერთი მთავარი გზა წარმოების მოცულობის ზრდაა, რაშიც მნიშვნელოვან როლს ექსპორტი ასრულებს. „ექსპორტი გვეხმარება როგორც შემოსავლის, ისე მოცულობების გენერაციაში, რაც მარჟინალობის შესაძლებლობას გვაძლევს“, - აღნიშნა GM Pharma-ს წარმომადგენელმა.
გიორგი რამიშვილმა ასევე ისაუბრა ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში მყარი ფორმის მედიკამენტების სრულ ციკლს მხოლოდ ერთი GMP სტანდარტის მქონე საწარმო ახორციელებს. მისივე თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა ამ დრომდე საკმარისად არ არის.
„2026 წელია და საგრძნობი ხელშეწყობა არ გვიგრძნია, თუმცა შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება უფრო დიდი ბაზრებზე გასვლა, ექსპორტის ზრდა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“, - განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ხედვების უფრო დეტალურად განხილვა შესაძლებელია ცალკე ფორმატში, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი არ ეხება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ ჩართულობას.




























