„მივიღეთ შეტყობინება, რომ სამი გამოფენა-გაყიდვა, სადაც ვმონაწილეობდით გაჩერდა“, - ამის შესახებ სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუსიანმა BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მათ სექტორზე ასახვის შესახებ საუბრისას აღნიშნა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობები გაჩერებულია, რისი დასტურის აღნიშნული ღონისძიებების გაჩერებაა.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გარკვეული წინაღობები გვაქვს, ამ პერიოდში ყველაზე მეტად ყურადღებას გავამახვილებდი ზოგადად ეკონომიკური საქმიანობის გაჩერებაზე. ამ პერიოდში, წინა საახალწლოდ განსაკუთრებით აქტიურები არიან სოციალური საწარმოები. იქიდან გამომდინარე, რომ წინა საახალწლოდ ბევრი ბიზნესი თანამშრომლობას იწყებს სოციალურ საწარმოებთან, ტარდება გამოფენა-გაყიდვები ამასთან,ადამიანები მომართული არიან იმისკენ, რომ სოციალურად პასუხისმგებლობიანი უნიკალური წინა საახალწლო შენაძენი გააკეთონ, ამის პარალელურად, გუშინწინ მივიღეთ შეტყობინება, რომ სამი გამოფენა-გაყიდვა, სადაც ვმონაწილეობდით „ესკის“ სახელით და სხვა სოციალური საწარმოები დამოუკიდებლად, გაჩერდა.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, 25 ოქტომბერს საერთაშორისო ქალთა ორგანიზაციამ, რომელიც ელჩების ცოლების მიერაა ორგანიზებული და ყოველწლიურად ძალიან დიდი გამოფენა-გაყიდვას ატარებენ ხოლმე და განსაკუთრებით უჭერენ მხარს არა მხოლოდ სოციალურ საწარმოებს, არამედ ზოგადად ადგილობრივ მეწარმეებს, არჩევნებამდე შექმნილი ვითარების გამო, მთავრობის შეცვლილი კურსის გამო ეს გამოფენა-გაყიდვაც გააჩერეს“, - განაცხადა კუსიანმა.
სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მათ შემთხვევაში პრობლემა არა მხოლოდ საერთაშორისო გრანტების მოძიება, არამედ ადგილზეც ძალიან ბევრი რაღაც შეიზღუდა. კუსიანი დასძენს, რომ გამოწვევებს რომ თავი დავანებოთ, ადამიანებს განწყობა არ აქვთ იმის, რომ საქმეზე და განვითარებაზე კონცენტრირდნენ.